„ქვეყანამ დიდი ბავშვი დაკარგა“ - კომენტარები ზაზა ურუშაძის დაკრძალვიდან

17:58 12-12-2019
17819

რეჟისორი ზაზა ურუშაძე სიონის ტაძრიდან დღეს 14 საათზე გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ საზოგადოებას შორის იყვნენ - პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ხელოვანები... ტაძარში შეკრებილ კინემატოგრაფისტთა შორის იყვნენ ზაზას ფილმების შემოქმედებითი ჯგუფები...

მოძღვარმა, რომელმაც რეჟისორს წესი აუგო, პატრიარქის გამოგზავნილი სამძიმრის წერილი წაიკითხა: 

„ბატონი ზაზა ურუშაძის გარდაცვალებამ საყოველთაო გულისტკივილი გამოიწვია ერშიც და თვითოეულ ჩვენთაგანში. მან თავისი ეროვნული სათქმელი დაგვიტოვა ღრმა და საინტერესო ფილმების სახით. ვილოცოთ ბატონი ზაზას უკვდავი სულისთვის. მინდა რწმენა მოგენიჭოთ, რომ  გარდაცვალება არ არის სიკვდილი, არამედ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია...“

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ზაზას ბოლო ნამუშევარში მთავარ როლს ასრულებს. ფილმი „აღსარება“ ეკრანზე 2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა და დიმა მასში სოფლად მივლენილი მოძღვრის როლშია.

დიმიტრი ტატიშვილი: - ყველაზე კომფორტული რეჟისორი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და ყველაზე ნაყოფიერი გადაღებები კინოში სწორედ ზაზა ურუშაძესთან მქონდა. ყველაზე მაღალი პროფეისონალიზმი მასში დავინახე. ფილმ „აღსარებისთვის“ როლი რომ შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი. ნებისმიერ მსახიობს გაუხარდებოდა მასთან მუშაობა. ეს საოცნებო ამბავია - ზაზა ურუშაძესთან მოხვედრილიყავი ფილმში. სცენარი რომ წავიკითხე, კიდევ უფრო გამიხარდა ასეთი საპასუხისმგელო სამუშაო რომ შემომთავაზა. არც ვიცოდი, შემოქმედებითი თვალსაზრისით, როგორი გადაღებები მელოდა წინ. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ფილმ „აღასარების“ გადაღების დრო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო. მე ვფიქრობ, ზაზას არ გადაუღია ის კარგი ფილმები, რაც წინ ელოდა. სამწუხაროდ, მთავარი ნამუშევრები არ გადაუღია... ბევრი კარგი გეგმა ჰქონდა. რაციონალური ადამიანი იყო, მაგრამ ამავდროულად ბავშვური, ალალი და უშუალო. 

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი, მსახიობი: - ჯერ წარსულში ვერ ვილაპარაკებ ზაზაზე. ნათელი, კეთილშობილი, ნიჭიერი, სუფთა, წესიერი ადამიანი იყო. ყველასგან განსხვავებული. ყველა ფილმში ნიჭიერი გახლდათ. ყველგან სინათლე და კეთილშობილება ჩანს.

ჟანრი ლოლაშვილთან ზაზა ურუშაძეს სერიალშიც („ცხელი ძაღლი“) უთანამშრომლია და მხატვრულ ფილმშიც („სამი სახლი“). 

ჟანრი ლოლაშვილი: - საშინელი ფაქტი მოხდა. ახალგაზრდა კაცი გამოაკლდა ქართულ კინო ხელოვნებას, კაცი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა. „ცხელ ძაღლში“ საოცარი რამეები აკეთა. „სამი სახლი“ ხომ საერთოდ, ძალზედ საინტერესო ნამუშევარია. გაოგნებული ვარ...

ზურა მაღალაშვილი, მსახიობი, პროდიუსერი: - ზაზა ისეთი ადამიანი იყო, ვერასოდეს მიხვდებოდი, როდის უჭირდა. ყოველთვის აქეთ იყო იმედის მომცემი. ძლიერი პიროვნება გახლდათ. ერთ რამეზე მწყდება გული, ჩვენ არ ვიცით მოფრთხილება და გაფრთხილება ასეთი კაცების. ვერ იტყოდი, რომ გულჩათრხობილი იყო. თურმე სერიოზული განცდები ჰქონია...

მიშა მესხი: - ქვეყანამ დიდი ბავშვი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის იყო, სიალალე და ადამიანების სიყვარული ჰქონდა. „მანდარინების“ პრემიერას ბევრგან დავესწარი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ენა ესმოდათ თუ არა, ფილმის კადრებიდან წამოსულ სითბოსა და ადამიანობას ყველა გრძნობდა. 

გიორგი ნაკაშიძე: - იუმორი ჰქონდა, ბევრს როხროხებდა. გვაცინებდა. კეთილი ადამიანი იყო. სულ ხუმრობდა, ჩვენც დაგვცინოდა. მის პაროდიას თუ გააკეთებდი, არანაირ წყენას არ იდებდა გულში იმიტომ, რომ არტისტი იყო.

ლანა ღოღობერიძე: - ყოველთვის თავისი სათქმელი ჰქონდა და მყარად იდგა ფეხზე. ბავშვურად უელავდა თვალები. ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, რომ ეს მარტო სიფიცხე არ იყო, არამედ მგრძნობიარობაც. თურმე უკიდურესად მგრძნობიარე იყო. ალბათ, ზედმეტადაც? საკუთარი თავის საზიანოდ...

რეჟისორი 7 დეკემბერს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. კინოაკადემიიდან (რომლის პრეზიდენტიც 6 წლის მანძილზე იყო) წამოსვლის შემდეგ გადაიღო გერმანულ-უკრაინული კოპროდუქცია - „ანტონი“, რომლის პრემიერასაც ზაზა აპრილში გეგმავდა. ფილმის დამონტაჟება მოასწრო. 

„ეს არის დრამა და „მანდარინებზე“ არა ნაკლები ფილმია! ვპირდები ყველას, ძალიან მაგარი ფილმს ნახავენ ზაზას ფილმების მოყვარულები“ - ამბობს ლიკუნა რემკა რევიშვილი, ზაზას მეგობრის შვილი და თანაშემწე. 

ავტორი: თამარ გონგაძე