რუს მეტოქეს ეგონა მომიგებდა, „გამარჯობაო!“ ქართულად მითხრა - ქართველი ჰალკის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

23:36 12-10-2019
29810

ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი კვლავ ჩემპიონია. მან ექვს რაუნდიან დაპირისპირებაში რუსი მეტოქე ვიტალი ლალეტინი 6-0 დაამარცხა. მისი მეტოქე ოკუპანტი ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.

საკმაოდ დაძაბულ და პრინციპულ ფინალში, რუსმა მეტოქემ მეორე რაუნდზე გადასვლის იმედით, ხელის ასხლეტა სცადა, თუმცა მკლავჭიდის წესებიდან გამომდინარე, სპორტსმენებს ხელები დაუბეს, რა დროსაც ქართველმა ჰალკმა ლალეტინი დაამარცხა და „ტოპ -8“-ის ფინალის გამარჯვებაც მოიპოვა.

შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.

საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. პლანეტის უძლიერესი სპორტსმენის ოჯახის წევრებმა „პრაიმტაიმს“ ლევანის ლოდინის დროს ემოციები გაუზიარეს.

width=600

„მე ლევანის უფროსი ძმა ვარ. ყოველთვის ვიცით, რომ ლევანი გაიმარჯვებს, მაგრამ მის შეჯიბრებას ნერვიულობა მაინც ახლავს. როცა ლევანი გამოდიოდა, სახლში იყო შეძახილები, ეკრანიდან გამხნევება, ყველაფერი საბედნიეროდ ლევანის გამარჯვებით დასრულდა“, - ამბობს ვახო საგინაშვილი.

„პრაიმტაიმს“ ლევან საგინაშვილის დედა, ლალი გრძელიძე უმხელს, რა ხდება სახლში იმ დროს, როცა ლევანი შეჯიბრებაზე გამოდის.

„ასეთი ტრადიცია მაქვს, როცა ლევანის შეჯიბრება აქვს, სანთელს ვანთებ და ვლოცულობ მისთვის. გვანერვიულა ამ შეჯიბრებაზეც, მაგრამ გაგვახარა. როცა სახლში ბრუნდება გამარჯვებული, დასვენებული და გახარებულია. შეჯიბრების წინ კი, ძალიან დაძაბულია. დედისთვის შვილის ყოველი გამარჯვება დიდი ბედნიერებაა. ბევრს შრომობს და რომ უფასდება, ჩემთვის მთავარი ესაა“,- აცხადებს ლალი გრძელიშვილი.

ჩემპიონის გამოჩენას აეროპორტში, ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ლევან საგინაშვლმა, იგივე ჰალკმა, პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელის სტატუსის მოსაპოვებლად დიდი და გრძელი გზა გაიარა.

„ისტორიაში ასეთი მაღალი დონის შეჯიბრება მკლავჭიდში აქამდე არ ყოფილა, ეს პირველი იყო, თავისი საპრიზო ფონდითა და ორგანიზებით. პირველი ეტაპი ჩატარდა მალაიზიაში, მეორე ჩინეთში, ხოლო ფინალი პოლონეთში, სადაც დავუპირისპირდი რუს სპორტსმენს, რომელიც 6:0 დავამარცხე. ყველა ელოდებოდა ჩემს გამარჯვებას, ბევრი ვივარჯიშე და დამიფასდა“,- ამბობს ლევან საგინაშვილი.

დარბაზში, სადაც რუსი გულშემატკივარი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი თანამემამულე, ლევანს იქ მყოფი ქართველი რაგბისტები ამხნევებდნენ.

„დარბაზში 90 პროცენტი რუსი გულშემატკივარი იყო, რაც ცოტა არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველი გულშემატკივრებიც, რაგბისტი ბიჭები“,- აცხადებს ქართველი ჰალკი.

მის მორალურად გატეხვას შეეცადა თავად რუსი მეტოქე, ვიტალი ლალეტინიც, თუმცა, ორთაბრძოლა ქართველი ჰალკის გამარჯვებით დასრულდა.

„ხელის პირველი გადაწევის დროს ცოტა გამიჭირდა. ერთ მომენტში ალბათ ეგონა ჩემს მეტოქეს, რომ მომიგებდა და ქართულად მითხრა - გამარჯობაო. რომ მოვუგე მივაძახე გაგიმარჯოს-მეთქი! ამის მერე მგონი არ უნდა გავებრაზებინე, თავისთვის ასე სჯობდა,-აცხადებს ლევან საგუნაშვილი.

ქართველი ჰალკი იგივე შეჯიბრისთვის, რომელიც 2020 წელს გაიმართება, მომზადებას იწყებს. პირველი ეტაპი აპრილში სავარაუდოდ, დუბაიში გაიმართება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი