ცქიტიშვილი „ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდებს, თავი შევიკავოთ ძალადობისა და ემოციური პასუხებისგან

13:43 12-04-2019
12

მიუღებელია დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითუმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება. ეს პროცესი დაიწყო რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც წლების განმავლობაში ამ მეთოდებით გვემუქრება,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ ოპოზიციას ამა თუ იმ დეპუტატის ოფისთან ხვდებიან, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ თუ ცალკეული მაჟორიტარების მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში, ქუჩიდან გადავიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რისკენაც არაერთხელ მოგვიწოდებია. გუშინაც მოვუწოდე ჩვენს ამომრჩევლებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რომ თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ემოციური პასუხისგანაც, რადგან ჩვენი მოვალეობაა ბევრად მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ე. წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკება იმ საკითხებზე ხდებოდეს, რაც ფიზიკურად შესრულებადია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ მოხდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა, მაშინ როდესაც, სამწუხაროდ, ის არ შეესაბამება კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე სახის კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. გარდა ამისა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს ოპოზიციაში საკმაოდ კვალიფიციური პოლიტიკოსები და იურისტები არიან იმისთვის, რომ მათ კარგად ესმოდეთ - ეს მოდელი სინამდვილში ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამდენად ეს დაჟინებული და არარეალისტური მოთხოვნა სხვა პოლიტიკურ მიზნებსაც შეიძლება ემსახურებოდეს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსთან და არჩევნების სტანდარტებთან დაკავშირებული ბევრი საკითხი.

„მათ შორისაა ის საკითხები, რომელიც წინა არჩევნებიდან გამომდინარე, მოგვცა ეუთომ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ის რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია საარჩევნო კოდექსში, იმისთვის რომ 2020 წლის და ნებისმიერი შემდგომი არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ, კიდივ უფრო კონკურენტულ გარემოში. სწორედ ეს არის ის საკითხები, რაზეც ნამდვილად გვაქვს სამუშაო და სალაპარაკო ოპოზიციასთან. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ, რათა 2020 წლის არჩევნების შედეგებში არავის გვეპარებოდეს ეჭვი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.