ვინ არის ხანგოშვილის მკვლელი, რომელზეც რუსეთმა ინტერპოლით ძებნა შეაჩერა

00:29 12-04-2019
205

Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია.

Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული გამოძიებით, კრასიკოვი 1965 წლის 10 აგვისტოს დაიბადა და არა 1970 წელს, როგორც ეს მის სამოგზაურო პასპორტში წერია.

Bellingcat-ი წერს, რომ კრასიკოვი გერმანიაში მოსკოვიდან ყალბი პასპორტით ჩავიდა.

კრასიკოვი იყო მთავარი ეჭვმიტანილი 2013 წელს მომხდარი რუსი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში. ჟურნალისტური გამოძიებით, 2014 წელს რუსეთმა ვადიმ კრასიკოვის ინტერპოლით ძებნა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, ინტერპოლის ცნობით, ძიება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე მოხსნეს. დოკუმენტებში უთითებდნენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. მიუხედავად ამისა, ცნობილია ისიც, რომ მოსკოვში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დახურულა.

ამ ინფორმაციამდე გამოქვეყნდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის სტატია, სათაურით: ვინ არიან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მთავარი მოწმეები?

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი რუსეთი მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა. გამოცემა პარალელს ავლებს 2018 წლის მარტში, რუსეთის დაზვერვის მიერ ლონდონში ორმაგი აგენტის 67 წლის სერგეი სკრიალის და მისი ქალიშვილის - იულიას მოწამვლასთან. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ასევე შედარებულია 2006 წელს FSB- ის ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობასთან, რომელიც რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს.

„რუსეთში ვერავინ შეძლებს მიიღოს ყალბი პირადობის მოქმედი რუსული პასპორტი, სახელმწიფო ბიუროკრატიული და უსაფრთხოების აპარატის ჩარევის გარეშე”, - წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.

Bellingcat დაასკვნა ისიც, რომ მოქმედი პასპორტის გამოშვება, საგადასახადო ID და საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტი არარსებულ პერსონაზე ვერ გაიცემოდა რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე.