გახსოვდეთ საქართველო - ზალკალიანი ნატოს შეხვედრაზე დამსწრე სტუმრებს

00:18 12-04-2019
29

მუდამ გახსოვდეთ საქართველო, - ამ სიტყვებით დაასრულა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ სესიაზე გამოსვლა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამავე კონტექსტში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ისაუბრა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ემზადება იმ მომენტისთვის, როდესაც დადგება ნატოში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო.

„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, თუმცა ეფექტურად ვახორციელებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი... შესაძლებელია არსებობდეს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციები თუნდაც არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე, მაგრამ მთავარი არის თქვენი ერთობა და ჩვენ როგორც ჯერ არაწევრი სახელმწიფოები, მოვუწოდებთ რომ იყოთ ერთიანი ძალა“,- განაცხადა მინისტრმა.