ექიმების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრს უპირისპირდება - „სახელმწიფომ ექიმები ვაჭრის პოზიციაში ჩააყენა“

23:40 12-03-2019
245

რა ხდება სამედიცინო სფეროში, რაში მდგომარეობს ჯანდაცვის მინისტრის ახალი რეფორმა და რა სერვისებს მიიღებს პაციენტი - ამ კითხვებზე „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სამედიცინო პერსონალი და კლინიკების ხელმძღვანელები საუბრობენ.

ტელეეთერში ჯანდაცვის მინისტრს ექიმების ნაწილი უპირისპირდება და აცხადებენ, რომ მალე ავადმყოფები კლინიკებში საჭირო მომსახურებას ვეღარ მიიღებენ, რადგან 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდება.

როგორც ექიმები განმარტავენ, 520-ე დადგენილება გამოიწვევს: უხარისხო იმპლანტებით მუშაობას, უხარისხო სამედიცინო სერვისის მიწოდებას, დასაქმებული კადრების შემცირებას, კლინიკების გაკოტრებასა და დახურვას. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანების გადარჩენის შანსი მცირდება...

„რეაქციაში“ ცნობილი და გამოცდილი ექიმები ამ დადგენილებაზე და მის შედეგებზე საუბრობენ.

ანზორ მელია ამბობს, რომ სახელმწიფო 2050 ლარად ღირებულ გულის სტენტს 1800 ლარად აფასებს, რაც თვითღირებულების ხარჯსაც არ მოიცავს.

„ყველანი აღშფოთებულები ვართ, ექიმები ბედნიერები ვიყავით, რომ პაციენტებს უფულობის გამო მომსახურებაზე უარს არ ვეუბნებოდით. ახლა, თითქმის ევროპის დონემდეა ასული რეანიმაცია, კარდიოქირურგია, ქირურგია. ახლა, სამსახურში მისვლა აღარ მიხარია, რადგან რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1800 ლარად შეფასებული გულის სტენტი  2050 ლარი მეხარჯება ხარისხიანი სტენტის ჩაყენებაში, ჩემი კლინიკა ჩინურ ან ინდურ სტენტს არ ჩააყენებს, რადგან ამას თავისი ჩვენება აქვს. 15 წლის წინ პაციენტები ერევანში მიმყავდა, ახლა, ერევნიდან სამკურნალოდ აქ ჩამოდიან, რატომ უნდა დაინგრეს ეს მიღწევა?!“ - ამბობს ანზორ მელია.

რუსუდან ლაგვილავა კითხვით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს - თუკი მისი კლინიკის დირექტორობისას გულის შუნტირებას 11 000 ლარად ანგარიშობდა, ახლა რატომ სთავაზობს კლინიკებს იგივე ოპერაციას 8 500 ლარად იგივე შუნტირების გაკეთებას?!  

„სამი მხარე ვართ, ექიმი, პაციენტი და სახელმწიფო. პაციენტისთვის ერთსა და იმავე პროცედურაზე ასანაზღაურებელი ექნება სახელმწიფოს დახარჯული თანხა, რადგან ხარისხიანი მომსახურება სახელმწიფოს დადგენილ ფასებზე გაცილებით მაღალია. ამის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ექიმის კომპეტენცია, რადგან იფიქრებენ, რომ ექიმის ბრალია უხარისხო მომსახურება.

მე მინისტრთან მაქვს კითხვა, როცა ის საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო, გულის შუნტირების ღირებულება დათვალა 11 000 ლარად, ახლა, რატომ გვთავაზოლს 8 500 ლარს?“ - აცხადებს რუსუდან ლაგვილავა.  

კახა კალოიანის თქმით, სახელმწიფომ პაციენტების ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა და ექიმები ვაჭრის პოზიციაში ჩააყენა.

„სახელმწიფომ უარი თქვა პაციენტის დაცვაზე და მის ფუნქციაზე - უარი თქვას ხარისხიან მომსახურებაზე. დღეს, სახელმწიფო გახდა გამყიდველი და სამედიცინო საზოგადოებას ვაჭრობას სთავაზობს.“ - ამბობს კალოიანი.

ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმაზე მუშაობის დროს, კომპეტენტურ პირებს აზრი არ ჰკითხა და ძალადობრივად აიძულებენ უპირობოდ მიიღონ მინისტრის დადგენილება.

„არავინ დაგვკონტაქტებია, ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს. ძალისმიერი მეთოდებით გამოდის დადგენილებები და ჩვენ უნდა შევასრულოთ - ასეთი მდგომარეობაა.“ - ამბობს მედიკოსი. 

ჩვენ თანამზრახველები კი არა თანამოაზრეები შევიკრიბეთ - განაცხადა ექიმმა ბახუტიშვილმა.

„აქ დგება ექთნების პრობლემაც - ევროპული ოფიციალური წარმომადგენლები ეძებენ კარდიოქირურგიაში გამოცდილ ექთნებს, რომლებსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით და სტუდენტობიდან ვზრდით. პროფესიონალი კადრების გადინება დაიწყება, მით უფრო რომ რამდენიმე მათგანმა უკვე დატოვა ქვეყანა. ექიმებისთვის ძნელია ლარებსა და დოლარებზე საუბარი.“ - განმარტავს ექიმი.  

სახელმწიფოს ამ ინიციატივას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი აფასებს და ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის ფინანსები დაგეგმილს აღემატება, რამაც კლინიკების დავალიანების წინაშე დააყენა სახელმწიფო. 

„მთავრობის ვალდებულებაა პაციენტს მიაწოდოს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისი. ჩვენ აქამდე იმიტომ მივედით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პირობებში უამრავი კლინიკა გაიხსნა, მათ შორის ისეთები, როგორც „გარაჟში“ გახსნილი დაწესებულებებია. იზრდებოდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეს კლინიკები გაიხსნა იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან ფული ჩაეჯიბათ. წლის ბოლოს ბიუჯეტში დამატება ხდებოდა საჭირო. გათვლილზე 300 მილიონით მეტი თანხა გახდა საჭირო. ახლა, სახელმწიფო ცდილობს ეს დანახარჯი შეამციროს. დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გარღვეულია, სამინისტროს კლინიკების 4 თვის დავალიანება აქვს.

რეფორმა საჭიროა, მაგრამ ეს არ გულისხმობს ხარისხის დონის დაცემას, ეს გულისხმობს მაღალი ხარისხის სტანდარტის განსაზღვრას და მხოლოდ ამის შემდეგ, რეფორმაციას. ახალი მინისტრი შეეცადა ევაჟკაცა და ხარჯები დაერეგულირებინა, მაგრამ პროფესიონალი ადამიანები ხარისხის წინააღმდეგ არ წავლენ და ბაზარზე უხარსიხო კლინიკები დარჩნენ“. - განმარტავს ლევან კობერიძე.