ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია - ვაშაძე 

12:31 12-03-2019
25

გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის,რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა

მისივე თქმით, კანონპროექტს დღეს სახალხო დამცველს გადაუგზავნიან. სავარაუდოდ, ხვალ კი, პარლამენტში დარეგისტრირდება. 

„გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნებს. მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვნილია კონსტიტუციაში. სამწუხაროდ, ამ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, რომელმაც მოგვატყუა და დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის დარჩენილი. ამიტომ, სრულიად ახალი მოდელის შემუშავება მოგვიწია. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია. 

ჩვენ დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. ჩვენ ვნახეთ განცხადება სახალხო დამცველის, რომ კანონი რეგისტრირებული უნდა იყოს პარლამენტში იმ იმისთვის, რომ გაიგზავნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პირობაც შევასრულოთ. ხვალ ის საპარლამენტო წარმომადგენლობა, რომელიც ოპოზიციას ჰყავს ამ კანონპროექტს შეიტანს. ხვალ უკვე დარეგისტრირდება. ჩვენ მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო/ოდირისგან გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ“,- განაცხადა ვაშაძემ.