მიხეილ კალანდიას ადვოკატი შუამდგომლობას დააყენებს, რომ ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს

09:19 12-03-2019
21

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, ის დღეს შუამდგომლობას დააყენებს, რომ ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს.

ცნობისთვის,  27 ნოემბერს მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო.

როგორც პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„დღევანდელ პროცესზე ცნობილი გადა, რომ საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. კერძოდ, საქმის განხილვას სათადარიგო მოსამართლე, გიორგი არევაძე აგრძელებს. ბრალდების მხარე მზად იყო პროცესისთვის და უნდა დაკითხულიყო 4 მოწმე. შესაბამისად, ჩვენს ინტერესებში პროცესის გადადება არ შედიოდა, თუმცა დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დრო მოითხოვა“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ორივე მოზარდი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.