მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ

09:08 12-03-2019
209

მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, სასაზღვრო პოლიციასთან და დაკარგულების ახლობლებთან ერთად, ჯანდარას ტბის სანაპიროზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ.

„შემთხვევის ადგილზე ჩასული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი ადგილზე გაეცნენ საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას.

საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.

მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.

ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.