„დინამიკი ოკუპანტების მხარეს მივმართე და მოვასმენინე“ - თემურ წიკლაურმა მავთულხლართებთან იმღერა

23:13 12-02-2019
920

დღეს, ხურვალეთში მავთულხლართებთან მომღერალმა თემურ წიკლაურმა ოთხოზორია-ტატნუაშვილის სახელზე ხეები დარგო. ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზმა და ოკუპანტების ჩემს ქვეყანაში დანახვამ სისხლი ამიდუღა და ბრძოლის ჟინი გამიღვივაო. მერე პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერა იმღერა - დინამიკები ოკუპანტებს მივუშვირე, იქნებ გაიგონესო...

პრაიმტაიმთან“ თემურ წიკლაურის საუბარი საკმაოდ ემოციური იყო. პატრიოტიზმი, ჩვენი დროის გმირების უკვდავსაყოფად დარგული ხეები, მავთულხლართებთან მცხოვრები მოხუცები, სიმღერა და ბრძოლის ჟინი, იქ, ხურვალეთში დაბრუნების დიდი სურვილი და ოკუპანტებთან ბრძოლა. 

საშინელებაა, სატანის ნაშობ ხალხს რომ გადაეყრები. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სახელზე კიპარისები დავრგეთ. ეს ხეები კი გაიზრდება, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ეს მავთულხლართები, რა ვთქვა, როგორ შევაფასო, მე თვითონ არ ვიცი.  ხის დარგვისას ვლოცულობდი, იქნებ ჩვენმა ლოცვამ, კურთხევამ კაი კაცობამ იქნებ შედეგი გამოიღოს. ვმღეროდი „მე შენ მიყვარხარ საქართველოვ დაუსრულებლად“ - მღვდლიაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერაა. დინამიკი ოკუპანტების მხარეს მივმართე და მოვასმენინე. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ალბათ, მაინც მებრძოლები ვართ, სისხლი ამიდუღდა, სურვილი დიდი იყო დამენგრია იქაურობა.

width=600

რატომ ხურვალეთი?

იქნებ მეც შევმატო რამე ამ ქართულ ბრძოლას. ეს სიმღერა და კლიპი ჩემთვის იდეის გამოხატულებაა. სადაც ჩემს საქართველოს უჭირს, იქ წავედი. ჩვენი სახელოვანი ექიმი ჯიქურ ადგა და გადავიდა მავთულხლართებს მიღმა... უსაშველოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. მეტი რა მომეფიქრებინა, არ ვიცი...  ხურვალეთში ჩემი ბრძოლის ველია, სიტყვით და სიმღერით, ჩემი ბრძოლის იარაღი სიმღერაა.

იქ ხეები დავრგეთ, სიმღერაზე „მე შენ მიყვარხარ საქართველოვ დაუსრულებლად“ ბესო ჩუბინიძესთან ერთად კლიპისთვის კადრები გადავიღეთ, მოხუცებს მოვეფერეთ.

width=600

ხურვალეთში ხანდაზმულთა თავშესაფარს ვესტუმრე. ტკბილეული ჩავუტანე და ვუმღერე მათ, ძალიან თბილი შეხვედრა იყო. ლუდა სალიას შევპირდი, რომ კიდევ ჩავალ და კონცერტს ჩავატარებ. თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდანაც ამის სურვილი იქნება.“ - ამბობს თემურ წიკლაური. 

„პრაიმტაიმი“ ლუდა სალიას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, მისი თავშესაფრის თითოეული მცხოვრები ტიროდა თემურ წიკლაურის სიმღერაზე. ემოციებს ვერ გაუძლესო, ამბობს. 

width=600

„ისე გაახარა თემურ წიკლაურმა ჩემი მოხუცები მისი სტუმრობით და საჩუქრებით, ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. მერე მათ უმღერა სიმღერა საქართველოზე და კიდევ ერთი ცნობილი ჰიტი - „გული არა ბერდება“. თითოეული მოხუცი ტიროდა, ემოციებს ვერ გაუძლეს. თავისი ყველა დისკი და ტკბილეული გვისახსოვრა, დაუვიწყარი დღე გვაჩუქა. თემურ წიკლაური ის კაცია, რომელიც არ გაიყიდა და სტიპენდიას არ ჩამოეკიდა. ნამდვილი ქართველი და პატივსაცემი ადამიანია. იმედი მაქვს, რომ მისი ხურვალეთში ჩამოსვლა ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი გახდება და კიდევ უფრო მეტი გააპროტესტებს საკუთარ სამშობლოში გაბმულ რუსულ მავთულხლართებს. მან ნახა რა პირობებში ვცხოვრობთ, როგორ ვუყურებთ ოკუპანტების გადაადგილებას. ეს მორალურად ძალიან ძნელია. სახლიდან გავალ თუ არა, პოლიცია მომყვება - მეუბნებიან ტატუნაშვილის ბედს გაიზიარებ შენ რომ რუსებმა დაგიჭირონო. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სახელზე ხეივანს ვაკეთებ და ნარგავებს ქართველი პატრიოტები რგავენ, აქ უდაბნოს ტიპის ჰავაა და მორწყვა ხშირად საჭიროა. პოლიცია თავისი მანქანით წყლის მიტანაშიც მეხმარება და ერთად მივდივართ ხოლმე ხეების მოსარწყავად. ვეხუმრები ჩვენს ადგილობრივ სამართალდამცველებს, ასეთი დაცვა ერთი სალომე ზურაბიშვილს ჰყავს და მეორე მე-მეთქი. ისინი ძირითადად, სამაჩაბლოდან დევნილები არიან. მიდიან ხოლმე მავტულხლართებთან და იქიდან უყურებენ საკუთარ კუთხეს, ამაზე ძნელი სხვა რამე განა არის?!“ - ამბობს ლუდა სალია.  

width=600