„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებისას რამდენიმე დაშავდა

20:50 12-02-2019
98

მოძრაობა „სირცხვილია“-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი პოლიციას მიმართავს და მათ მოქალაქეების დაცვას სთხოვს. მაქარაშვილის თქმით, ამ დროისთვის ხუთი სამოქალაქო აქტივისტია დაშავებული, მათგან სამი პიროტექნიკით დაშავდა, ორი კი ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს.

„ჩვენ პოლიციას პატივს ვცემთ, არის თუ არა, პოლიციის მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა?“ - ამ კითხვით გიგა მაქარაშვილმა ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს მიმართა. რაზეც პასუხად მიიღო, რომ პოლიციამ ყოველ მათგანს იცავს.

„ჩვენი 5 აქტივისტი დაშავდა. სამს პიროტექნიკა მოხვდა და კლინიკაში გადაიყვანეს, ორი კი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა. ჩვენ პოლიციას პატივს ვცემთ და მოგიწოდებთ, თითოეული ჩვენთაგანის დაცვას“ - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს ადგილიდან მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანას სთავაზობს , რასაც ისინი არ თანხმდებიან და „ქართული ოცნების“ ოფისთან რჩებიან.

შეგახსენებთ, დღეს მცხეთის მერიასთან დეპუტატ ხუნდაძესთან მისულ სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ, სადაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 

ამის გამო, 19:00 საათზე ოპოზიციურმა სამოქალაქო მოძრაობებმა  „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დაანონსეს. მცხეთის მერიის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ოფისთანაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ. ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა.