„მომავალ წელს პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელებას აპირებდა“ - ხეობაში დაღუპულ 18 წლის გოგონას იხსენებენ

19:46 12-02-2019
7020

ხევსურეთში, ლიქოკის ხეობაში, ჭალისოფელში 18 წლის ელისაბედ ლიქოკელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე „პრაიმტაიმი“ ადგილობრივ დეპუტატს, ზურაბ არაბულს ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, გარდაცვლილის ოჯახი ერთადერთი ადგილობრივი მუდმივი მაცხოვრებელი იყო. თავად ელისაბედ ლიქოკელი კი, სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო და ის სწავლის გაგრძელებას პოლიციის აკადემიაში აპირებდა.

„არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი დაკარგა არა სოფელმა, არამედ - მთელმა ხეობამ. ის 18 წლის იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა, მომავალ წელს პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელებას აპირებდა. თუმცა, თავს ასეთი ტრაგედია დაგვატყდა... რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი არავინ ვიცით. მასწავლებლები შოკში არიან.

ლიქოკელების ეს ოჯახი სოფლის ერთადერთი მუდმივი მაცხოვრებელი იყო. მშობლები მეურნეობას მისდევდნენ, ხუთი და-ძმა იყვნენ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“ - აცხადებს დეპუტატი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.