ვინ უმალავდა ზაზა ლებანიძის გარდაცვალებას ჯემალ ღაღანიძეს?

18:01 12-02-2019
1032

პირველ დეკემბერს ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დამსახურებული არტისტი ზაზა (ზაირა) ლებანიძე დაკარგა. მსახიობი გარდაცვალების წინა დღეს, 30 ნომბერს 84 წლის გახდა.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბოლომდე იდგა სცენაზე. ბოლო როლი ითამაშა რობერტ სტურუას სპექტაკლში „ასულნი“. ამ სპექტაკლში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის 2015 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია მიიღო.

თამაშობდა სოხუმის ქართულ დასში, იყო მარჯანიშვილის და რუსთავის თეატრების მსახიობი. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.

გოჩა კაპანაძის „მოხუც ჯამბაზებში“ ზაზას თაობის მსახიობები ნელ-ნელა უკვე მიდიან, რაც საშინლად გულდასაწყვეტია. ძველი გვარდიდან ერთ-ერთი ჯემალ ღაღანიძეა. 

ჯემალ ღაღანიძე: - „ცოტა შეუძლოდ ვარ, სიბერე შემომეპარა, უმეტესად სახლში ვარ. ჩემთან სანახავად მოსული იყო დავით კვირცხალია. მომიკითხა, სად ხარო. დათომ ზაზას გარდაცვალების ამბავი ვერ მითხრა, გამიფრთხილდა... ჩემს მეუღლეს უთხრა წასვლის წინ. მერე მეუღლემ მითხრა და ძალიან გული დამწყდა.

ძალიან ნიჭიერი და თეატრის ადამიანი იყო. თეატრალურშივე გივი ჭიჭინაძესთან ერთად „უნისონში“ ითამაშა, უკვე დიდი სიტყვა თქვეს, ეს იყო უმაღლესი პილოტაჟი. 

63 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. შევადგინე სია - რუსთაველის თეატრში ვინ იყვნენ ჭეშმარიტი მსახიობები. მოცლილი რომ ხარ კაცი, ყველაფერზე ფიქრობ. ჰოდა, ამ ოცკაციან სიაში ხორავა-ვასაძიდან დაწყებული (თეატრში რომ მოვედი დამხვდნენ) ჩემი ზაზაც არის. 

ბოლოს ერთად ვითამაშეთ „მოხუც ჯამბაზებში“. აქ ერთ-ერთი ბოლო სახე ითამაშა. ბრწყინვალედ ითამაშა, ალბათ გული უგრძნობდა, რომ ეს მისი ბოლო როლი იქნებოდა. 

მეუღლე ადრე გარდაეცვალა, ჯემალ გაგნიძეც მსახიობი იყო, ნიჭიერი და კარგი პიროვნება. ზაზა მორალურად არ გატყდა და თამაში გაარძელა.

მის ოჯახში ავადმყოფობები შეიპარა. შვილიც ნიჭიერი მსახიობი, ნატო გაგნიძე ავად ჰყავდა და სულ ვეკითხებოდით, როგორ იყო. ძალიან განიცდიდა ნატოს ამბავს. რთული ავამდყოფობა ჰქონდა. 

ბოლო ხუთ წელიწადში თეატრალური სამყარო ძალიან გამოიშიგნა, ბევრი დიდი არტისტი წავიდა ამ ქვეყნიდან. ცხოვრება ასეა. თაობა მიდის, თაობა რჩება“ 

მარინა კახიანი: - „ქალბატონი ზაზა საუკეთესო მსახიობი იყო, ვინც კი შემხვედრია ჩემი კარიერის მანძილზე. განსაკუთრებული ინდივიდუალიზმი და სტილი ჰქონდა.  ბედნიერი ვარ, არაერთხელ მომიწია სცენაზე მის გვერდით დგომა. ჩემს საყვარელ სპექტაკლში „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ მე და ზაზა უშუალო პარტნიორები ვიყავით. აქ არის ერთი სცენა, სადაც ჩვენ ორივემ მივაღწიეთ - ასე ვთქვათ - ჭეშმარიტებას. ჩვენ პარტნიორები ვიყავით ასევე „მოხუც ჯამბაზებში“ და „მზის დაბნელება საქართველოში“ და ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში მომიწია მასთან თანამშრომლობა. 

საინტერესო პიროვნება იყო. შეიძლებოდა რომ ძალიან კარგ როლზე უარი ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოირგო. ეს იშვიათად ხდება. მსახიობები ვერ ვამბობთ უარს როლებზე. გვავიწყდება, რომ შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი როლი. ქალბატონი ზაზა ზუსტად ხვდებოდა, როდის უნდა მიყოლოდა რეჟისორს ბოლომდე და როდის ეთქვა როლზე უარი. 

ბერნარდა ალბას როლზე მარტო იმიტომ თქვა უარი, რომ პიროვნულად არ ეთანხმებოდა მას. მის ნაცვლად სპექტაკლში ეს როლში გოჩა კაპანაძემ მარინა კახიანს ათამაშა. 

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გამიკვირდა ეს როლი რომ შემომთავაზეს. თუმცა დღემდე ჩემს საყვარელ როლად რჩება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. საოცარი პროფესიონალი იყო. რეპეტიციას არ აცდენდა მიუხედევა იმისა, რომ ბოლო დროს კარგად არ იყო. ცდილობდა პარტნიორისთვის ხელი არ შეეშალა. თავის თავს გარედან უყურებდა, ესეც ვისწავლე მისგან. ფანსტატიკური ხმა ჰქონდა, კარგად მღეროდა. „ჯამბაზებში“ მისი სიმღერა განსაკუთრებული იყო - ამბობს პრაიმტაიმთან კახიანი. 

გოჩა კაპანაძე: - ნამდვილად დიდებული მსახიობი, შესანიშნავი დედა და კოლეგა იყო. მისი რანგის მსახიობები პოპულარულები არ არიან. ისინი ძალიან მორიდებულები და თავშეკავებულები არიან. სხვა შინაგანი კულტურა აქვთ. დღევანდელ მსახიობებს ადვილად შეუძლიათ თავის აფიშირება და პოპულარიზაცია. ქალბატონი ზაზას თაობას ეს არ სჭირდებოდა. 

ის იმდენად დიდი არტისტი იყო, არც მახსენდება ქალბატონი ზაზას ჩაგდებული როლი. ყოველთვის საინტერესო და დიდებული იყო. ბრწყინვალე სმენის პატრონი, შესანიშნავი მექართულე და ძალიან ნაკითხი პიროვნება იყო. ვინმე თანამედროვე მწერლის ახალი წიგნი რომ გამოვიდოდა, დამირეკავა და რეკომენდაციას გამიწევდა - გოჩა, ეს წაიკითხე, ის წაიკითხეო. თავის ქვეყანაზე ფიქრში არ დაღლილა. 

მადლობა მის სულს, რომ შანსი მომეცა მასთან მემუშავა. „ბერნარდა ალბას სახლი“ რომ დავდგი 24 წლის ვიყავი. მენდო როგორც დამწყებ რეჟისორს. მაგრამ მერე მითხრა, გოჩა არ გეწყინოს, ამ ქალის ფსიქიკას და ფსიქოლოგიას ვერაფრით ვეგუები და ვერ ვითამაშებო, როგორ შეიძლება დედას შვილები ასეთ ტერორში ყავდესო. არ დამავიწყდება, როდესაც პრემიერაზე მოვიდა და თქვა, მგონი, შევცდი, მე ამ როლზე უნდა დავრჩელიყავიო. 

ჩემს „მოხუც ჯამბაზებში“ არაჩვეულებრივად ითამაშა, მერე იყო „მზის დაბნელება საქართველოში“... მჭირდო შემოქმედებითი ურთიერთობა გვქონდა. ბოლომდე იდგა სცენაზე, 84 წლის ასაკში თამაშობდა, შესანიშნავი მახსოვრობით. სხვებსაც კი კარნახობდა, ბოლო წუთამდე ფორმაში იყო.

თეატრმა ატკინა გული, თუმცა ის ამაზე არ საუბრობდა. ამბობდა, ეს არ არის ოჯახი, თეატრი ასეთია, თავისი კანონები აქვს. რახან თეატრს ემსახურები, ეს კანონებიც უნდა მიიღო. 

არ იყო კინოში სათანადოდ გამოყენებული, ისევე როგორც ბევრი დიდი ქართველი მსახიობი. მათზე ცალკე სცენარები უნდა დაწერილიყო. 

არც ერთ დიდ ქართველ მსახიობზე ნაკლები არ ყოფილა. ყველა მსახიობს თავისი ბედი დაჰყვება. რამდენიმე მათგანს მეტი „დრაივი“ და პიარი რომ ჰქონოდათ, არავისზე ნაკლებნი არ იქნებოდნენ. ქალბატონი ზაზას სახელი ყოველთვის იქნება ქართულ თეატრში“. 

ოჯახი

ზაზა ლებანიძის შვილებიც ხელოვნებას გაყვნენ. ნატო გაგნიძეც მსახიობია („დათა თუთაშხიაში“ კიკუს როლის შემსრულებელი), ვაჟი - ზურა გაგნიძე, ჯგუფ „შინის“ გიტარისტია. ნატოს ქალიშვილია ნინი ბუკია, რადიოწამყვანი, აჩიკო გულედანის ყოფილი ცოლი. 

ავტორი: თამარ გონგაძე