„ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო“ - მდინარაძე ზოიძის პოლიტიკიდან წასვლაზე

17:35 12-02-2019
167

აკაკი ზოიძის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, - ასე ეხმიანება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აკაკი ზოიძის პოლიტიკიდან წასვლას.

„პატივს ვცემ მის გაწყვეტილებას და აღვნიშნავ, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში მართლაც შედეგიანი და წარმატებული იყო, ისევე, როგორც გუნდიდან წასული სხვა წევრების“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აკაკი ზოიძის პოზიცია მის მტკიცე ხასიათზე მიანიშნებს.​

„აკაკი ზოიძე ღირსეული ადამიანია და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მას მომავალშიც წარმატებას ვუსურვებ და მისი პოზიცია აბსოლუტურად მისაღებია, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათი ხასიათის სიმტკიცეზე“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

აკაკი ზოიძე მეცამეტე ადამიანია, ვინც პარლამენტში „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა.