პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა

22:37 12-01-2019
604

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატიმრების შეწყალების ახალი წესის შესამუშავებლად და კრიტერიუმების დასადგენად თითქმის სამი თვე დასჭირდა. რას გულისხმობს ახალი წესი და როგორ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს, ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი „იმედის კვირამ მოამზადა. 

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი უვადოდ მისჯილ პატიმარს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მსჯავრდებულს საპატიმროში 20 წელი ექნება გატარებული; აღარ შეიწყალებენ ძებნილ პირებს; არც იმ ადამიანებს, რომელთაც ორი ან მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი.  

ცვლილების მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის გასამართლებულს მხოლოდ მაშინ შეიწყალებენ, თუ სასჯელის 2/3 ექნება მოხდილი. 

უფრო ჰუმანური მიდგომა ექნება პრეზიდენტს იმ მსჯავრდებულების მიმართ, ვისაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ანგი ხუციშვილის თქმით, ასეთი კატეგორიის დანაშაულზე ადრე დადგენილი იყო პატიმრობის 1/3, ახლა კი ეს ვადა 1/4-მდე შემცირდა, შედეგად კი მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ. 

შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდებიან სამართალდამცველების მკვლელობისთვის გასამართლებულები. ეს რეკომენდაცია იყო ერთ-ერთი, რომლითაც ადმინისტრაციას პარლამენტმა მიმართა. პარლამენტის გარდა ახალი წესების დადგენაში ზურაბიშვილის ადმინისტრაციას იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე ომბუდსმენის აპარატი დაეხმარა.  

„პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ მოხდება, ასევე არ მოხდება ბავშვის, ორსულის და სხვა მოწყვლადი პირების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალება. რაც შეეხება მის პრაქტიკაში დანერგვას და განხორციელებას, ვერავინ შეზღუდავს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებას, ეს რჩება მის უფლებად, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

ახალი ბრძანებულების მიხედვით, ამიერიდან პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გარეშე გადაწყვეტს ვინ დატოვოს ციხეში, ვინ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან ვის შეუმციროს სასჯელი.

როგორც ანგი ხუციშვილი ამბობს, როდის შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს, ამაზე ინფორმაცია მას არ აქვს.

შეწყალების ახალი წესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრეზიდენტს წესების დაუცველადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრის თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

პატიმრების შეწყალების წესის ცვლილება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი პატიმარი შეიწყალა, რომლებიც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე იხდიდნენ სასჯელს. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. 

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა, 20 სექტემბერს კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი. 

წყარო: imedinews.ge