„ოთხივე გვარი არის ჩემი შვილის მკვლელი“ - პანკისში მოკლულის დედის პირველი ინტერვიუ

22:22 12-01-2019
2024

27 ნოემბერს პანკისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 38 წლის მისური მუთოშვილი, რომელიც სოფელ საკობიანოსთან ჩაცხირილეს, პანკისის ხეობა უკვე გამოემშვიდობა.  მას 5 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისურ მუთოშვილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ქავთარაშვილებს ადგილობრივების პირით, მოკლულის ოჯახმა დღეს შეუთვალა.  

გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“- სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მისური მუთოშვილის დედა ამბობს, რომ ის სისხლის აღების წინააღმდეგია. 

„ოთხივე გვარი არის ჩემი შვილის მკვლელი. ვინ გაისროლა იციან, თავში ვინ მოარტყა ეგეც იციან, უკნიდან ვინ ესროლა ეგეც იციან. ყველა დასაჯონ კანონის ძალით. პატრული რომ იქ იყო, ხომ უნდა რაღაც ეღონა და შეეჩერებინა?! ჩემ შვილს კლავდნენ და შორიდან უყურებდნენ... ეგ ეპატიებათ მაგათ?! მე შვილი დავმარხე, ხუთი შვილის მამა. ახლა წარმოიდგინეთ მე რა მდგომარეობაში ვარ! პატრულმა კიდევ როგორც კინოს ისე უყურეს ჩემი შვილის მკვლელობას.“ - ამბობს, მოკლული მისურ მუთოშვილის დედა.

პანკისელები ამბობენ, რომ ბოლო დროს ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფება დათარეშობს, სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელად.

რამდენიმე დღის წინ სპეციალურად გვარების შესარიგებლად ჩამოიყვანეს ევროპაში წარმატებული ექიმი პანკისელი დავით დუიშვილი. ექიმი „პოსტ ფაქტუმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გვარებს შორის დაპირისპირებას ჰესების მშენებლობასთან კავშირში არ აქვს. დუიშვილის თქმით ორ გვარს შორის პრობლემა 2008 წელს დაიწყო.  

„ისტორია მოდის 2008 წლიდან, საერთოდ კავშირში არ არის ჰესთან. მურადი ქავთარაშვილის და მისი გარშემომყოფი წრის დაპატიჟება და მათი გამოწვევა ხდება მუთოშვილების მხრიდან. შეხვედრა, გზის გადაკეტვა, კონფლიქტის დაწყება, პირველი გასროლა და დაჭრა... მურადი არის დაჭრილი და მურადის გვერდში მდგომი... “- ამბობს დავით დუიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გაგრძელდება თუ არა დაკავებების სერია, ჯერ უცნობია.