ქართველი მწერლის გზავნილი აფხაზებს - „მე სოხუმელი ვარ“

18:24 12-01-2019
318

აფხაზეთიდან დევნილმა ნინო მირცხულავამ წიგნი გამოსცა „მე სოხუმელი ვარ“ და რამდენიმე ეგზემპლარი სოხუმში გააგზავნა. მისი თქმით, წიგნი „მე სოხუმელი ვარ“ პირველ რიგში სოხუმში წავა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

„ამ წიგნით მინდა ოდესღაც ჩვენს ძმებ, აფხაზებს შევახსენო წარსული დროის კარგი ურთიერთობები და კვლავ ხელი გავუწოდო მეგობრობისკენ, შერიგებისკენ, დანდობისკენ!“, - ამბობს ნინო მირცხულავა.

როგორც ნინო მირცხულავა ამბობს, მისი მეგობრები, რომლებიც სოხუმში დარჩნენ შერეული ოჯახებიდან არიან.

„რამდენიმე წიგნი გავაგზავნე სოხუმში ჩემს მეგობართან, რომელსაც აფხაზი მეუღლე ჰყავს, ვკითხე მეუღლე ხომ არ გაგიბრაზდა - თქო?! მაგრამ მიპასუხა, სოხუმი მხოლოდ პალმების, ზღვის და სანაპიროს ქალაქი არ არის, სოხუმი ხომ ხალხის ქალაქიცააო. სანამ თქვენ არ დაბრუნდებით, სოხუმი მკვდარი იქნებაო“, - ამბობს ის.

წიგნის გამოცემის მიზანიც მისი თქმით, სწორედ ასეთი ემოციების გაზიარებაა.

„გადავწყვიტე წიგნი დამებეჭდა საკუთარი ძალებით და სოხუმში გამეგზავნა, რომ შემეხსენებინა აფხაზი ხალხისთვის წარსული დროის ჩვენი კარგი ურთიერთობები და კვლავ გამეწოდებინა ხელი შერიგებისკენ. ჯერ დავწერე ლექსი სოხუმზე და დავდე „ფეისბუკზე“, რომელსაც უცებ უამრავი გამოხმაურება ჰქონდა, შემდეგ იყო მოთხრობები, რის შემდეგაც ჩემს პოსტებს ასევე, უამრავი მოწონება ჰქონდა. ამან გადამაწყვეტინა, რომ წიგნი გამომეცა საკუთარი ხარჯებით. მისი პირველ ნაწილს ჰქვია „დაკარგული სიყვარული“, შემდეგ, არის „მოგზაურობა წარსულში“, სადაც მე ჩემს ძაღლთან შარიკასთან ერთად ვმოგზაურობ სოხუმის ქუჩებში. წიგნში ასევე შესულია ჩანახატები ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე, სოხუმელებზე. ჩემი ყოველი მონათხრობი მთავრდება სიტყვებით ჩვენ დავბრუნდებით“ , - ამბობს ნინო მირცხულავა.

 

ავტორი: თეა შონია