პოლიციამ ფოთში ინკასატორზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავა

11:11 12-01-2019
114

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დაკავებული ორი პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს – 1980 წელს დაბადებულ ლ. დ.-ს. ბრალდებულებმა მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის ავტომანქანაში არსებულ, კომპანიის კუთვნილ თანხას – 39413 ლარს. ლ.დ. ავტომანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი, რომლის მეხსიერების ბარათზე დაფიქსირებულია აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.