უსუფაშვილი - დღევანდელი შეხვედრით 2020 წლის არჩევნების შესახებ დახურული კარი გაიხსნა

17:23 11-30-2019
116

„დღევანდელი შეხვედრით 2020 წლის არჩევნების შესახებ დახურული კარი გაიხსნა“ - ამის შესახებ მოძრაობა „შენების“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს, რისი საწინააღმდეგო არსობრივი არგუმენტიც არ ყოფილა.

„დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. მათ არ სურდათ არანაირი ლაპარაკი და ამბობდნენ, რომ ყველაფერი მორჩა. ქართველი ხალხის, პროტესტის მონაწილეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით ეს კარი გაიხსნა და ეს არის კარგი. მეორე - ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით.

მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვა - თუ კონსტიტუციურობაა პრობლემა, არის მმართველი გუნდი მზად, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელოს, ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რამე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს ოპოზიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.