აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ - გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე

15:56 11-30-2019
94

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს, არაფერი გადაწყდა, რადგან მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამისათვის არ იყვნენ მზად. 

„პირველი, მართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს, ოპოზიციისგან, მოქალაქეებისგან და დიპლომატიური კორპუსისგან, ისე დიალოგზე ეს ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

მეორე, აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ. კატეგორიული უარი თქვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუ დიპლომატიური კორპუსი ისევ გაუწევს შუამავლობას, ოპოზიცია მზად არის მეორე რაუნდისთვის.

რაც შეეხება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც არ ესწრებოდა შეხვედრას, ვაშაძემ განაცხადა, რომ ამ თხოვნით მედიატორებს მიმართეს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.