„ლელო“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში „სირცხვილიას“ ჩართვას ითხოვს

14:27 11-30-2019
26

საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ აცხადებენ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში.

„ლელომ“ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა. მოქალაქეების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ერთიანი და პრინციპული პოზიციონირების შედეგად, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილოებით.

აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლს და პასუხისმგებლობას ამ პროცესში.

ამავე დროს, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და, რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე. სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

„სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე მცდელობაა, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება.