ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი - გიგა ბოკერია

11:24 11-30-2019
18

„ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის იმ დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა“, - უთხრა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში" შეხვედრის დაწყებამდე.

„ძალიან უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ამ მოთხოვნის უკან იდგნენ, ისინი არ დაპატიჟეს ჩვენი მიმართვის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც შეცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ არანაირ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და გერმანულ მოდელზე, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო. უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის იმ დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება. მეორე არის პოლიტპატიმრების საკითხები, „გავრილოვის ღამის" შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება. აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რომელზეც მე ვისაუბრე“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემას განიხილავენ. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.