პანკისში, გვარებს შორის გარჩევისას გარდაცვლილის დედა, სისხლის აღების წინააღმდეგია

11:04 11-30-2019
5481

პანკისში, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული, მისური მუთოშვილის დედა, ტრადიციული ადათ-წესით შურისძიების წინააღმდეგია. ამის შესახებ, გარდაცვლილის დეიდამ განაცხადა.

„ჩემი და სისხლის აღების წინააღმდეგია. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა, ვინც ესროლა. ამიტომ ოჯახი მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვს. დააკავონ დამნაშავე, როგორც წესია და რასაც კანონი ითვალისწინებს, ისე დასაჯონ“,- თქვა ეთერ გოდერძიშვილმა.

ტრადიციული ადათ-წესით გადაწყვეტილება არ მიუღია, უხუცესთა საბჭოსაც. საბჭოს თავმჯდომარის, ზელიმხან წუწაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივები ორმოცი დღის გასვლას ელოდებიან.

„შერიგებაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი სისხლისღვრა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა წუწაშვილმა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პანკისში, სოფელ საკობიანისთან მომხდარ შეტაკებაში, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გარდა, დუიშვილებისა და ხანგოშვილების გვარის წარმომადგენლებიც დაიჭრნენ, თუმცა ვინ განახორციელა პირველი გასროლა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლითაა აღძრული. სამართალდამცავებს, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი