იმედია, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე - ელიზაბედ რუთი

10:58 11-30-2019
8

„ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირის და გერმანიის ელჩები.

იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტისი წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.