გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ - ირმა ინაშვილი

10:52 11-30-2019
18

„ე.წ. გერმანულ, მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, ეს ამ ეტაპზე კონსენსუსის საგანი არის. ესეც არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ირმა ინაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს. ეს მოთხოვნა გვქონდა და დღესაც ძალაშია ჩვენი მხრიდან. არსებობს ვარიანტები და ჩვენ ერთერთი ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და ახალი სახით იგივე კანონპროექტი გავიტანოთ. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა დღეს“, - განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემას განიხილავენ. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.