ჰოლივუდი ქართულ ვებგვერდებს ფილმების არალეგალურად ჩვენების გამო აფრთხილებს

17:50 11-29-2019
121

ჰოლივუდის კინოსტუდიებმა საქართველოს ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვეს.

Motion Picture Association of America-ს ორგანიზაციის პრეზიდენტმა და მმართველმა დირექტორმა, სტენ მაკკოიმ, წერილი მისწერა კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას.

მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA- ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, - ნათქვამია MPA-ს გამოგზავნილ წერილში.

Motion Picture Association of America ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორი კომპანია, როგორებიცაა Walt Disney, Netflix, LLC; Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studios და Warner Bros. Entertainment Inc.

Motion Picture Association of America-ის ქართველი მარეგულირებელი ორგანიზაციებისთვის მიწერილი განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენს, თუმცა თუ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს სანქციებს დაუწესებს: ქვეყანაში დაგვიანდება კინო და ტელე მსოფლიო პრემიერები, ან რიგ შემთხვევაში მთლიანად გაუქმდება ისინი.

წერილს „კავეას“ კინოთეატრების ქსელი, გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ მოპარული ფილმების გავრცელება და მოხმარება, ანუ ინტერნეტმეკობრეობა, ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების ჩვენებას ქართველი მაყურებლისთვის, არამედ თავად ქართულ ფილმებსაც და მათ მწარმოებლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.