ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო

17:38 11-29-2019
104

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ადასტურებენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ქონების აღწერას აწარმოებენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგაც უწყება შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

ქუთაისში  პარლამენტის შენობის აშენებაში, რომელიც 2012  წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაიხარჯა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარი იხარჯებოდა.

2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ხედვით, პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად უნდა გადაკეთდეს. მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდება.

საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებაზე მსჯელობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლიდან დაიწყო.

პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილება კონსტიტუციაშიც შევიდა. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 340 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, დანახარჯები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შემდეგაც მასშტაბურია.

პარლამენტის აპარატის მიერ BM.GE-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს 2019 წლის პირველ სამ თვეში ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი შენობის შენახვა, ჯამში, 332,109 ლარი დაუჯდა.

იანვარ-მარტში პარლამენტის ელექტროენერგიის გადასახადი 181,574  ლარი იყო, წყლის - 64,949 ლარი, ბუნებრივი აირის კი - 85,586 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯი გადახდილია 2019 წლის იანვარში.

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2018 წელს 1,260,558 ლარი დაუჯდა, 2017 წელს - 1,091,295 ლარი, 2016 წელს კი - 688,848 ლარი.