ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ - კარლ ჰარცელი

16:41 11-29-2019
43

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობს.

„ევროკავშირი, ისევე როგორც სხვა მხარეები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ამ მიმართულებით სხვადასხვა საშუალებებით ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს უკანონო დაკავება გამოსწორდება. ჩვენ ვემზადებით ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, რომელსაც შესაძლოა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაესწროს. მოლაპარაკებებზე ჩვენ ზოგად სიტუაციასაც განვიხილავთ, მათ შორის ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა გადასასვლელების დროებითი ჩაკეტვა“, -განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება“. 

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.