უდიპლომო თადუმაძის და „ობეხე“ გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედად დარჩით - ოქრუაშვილი წულუკიანს

12:59 11-29-2019
1682

„პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და „ობეხე“ გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედად რომ დარჩით“,- თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველო“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანს მიმართავს.

„წულუკიანი თეა, ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ.

2006 წლის 25 ივლისის ( N3530) კანონს უკუქცევითი ძალა რომ მიეცით და ხანდაზმული მუხლით წამიყენეთ ბრალი, კონსტიტუციის 31 -ე მუხლის მე-9 პუნქტს რას უშვებით? თუ ბიძინას საარჩევნო დაპირებას ასრულებთ და სრულიად ევროპის იურიდიული წრეებიც უნდა გააკვირვოთ?

მოგიკვდეთ ჩემი თავი, პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და „ობეხე“ გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედად რომ დარჩით, მითხარით და მე მოგეხმარებით ჩემთვის უკეთესი და კვალიფიციური ბრალის წარდგენაში.

ბოლო წლებში მხოლოდ ერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ივანიშვილთან, შოთაძესთან და ვასაძესთან ერთად.

ეს ახალი საქმეც რომ ჩამოგეშლებათ, ისე როგორც გავრილოვის ღამეზე ჩემს მიმართ აღძრული საქმე უკვე გეშლებათ, მერე ალბათ ივანიშვილი და თადუმაძე ხაშურის ბორდელების დალუქვაზე წამიყენებენ ბრალს.

ცხინვალიდან ტანკით და ნამგალი და უროიანი წითელი დროშით რომ მოვდიოდი, ეგ ბრალი უკვე მქონდა და არ აგერიოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის.

თუმცა, მაგასაც ავიტან. ჩემი ცხოვრება კანონზომიერებას ისედაც არასდროს არ ექვემდებარებოდა“,- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.