გირჩებს ვაგროვებდი, რომ ღუმელი დამენთო - მარტოხელა დედა უკიდურეს სიღარიბეში 2 წლის შვილთან ერთად გაუქმებულ სათბურში ცხოვრობს

18:28 11-28-2019
1949

მაკარონი, ზეთი და შაქარი - ეს პროდუქტები 5 წლის ანა-მარიას ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა. ის თანატოლების მსგავსად არც ლამაზ თოჯინებზე ოცნებობს და არც კომპიუტერზე. ის დედასთან ერთად, რუსთავის გზატკეცილზე, გაუქმებულ სათბურში ცხოვრობს, სადაც ახლა, ცივი ქარი ისევე ქრის, როგორც გარეთ, ღია ცის ქვეშ...

„პრაიმტაიმი“ ანა-მარიას დედას, 22 წლის კარინას ესაუბრა. ის მარტოხელა დედაა. იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონა ბინის ქირას ვეღარ იხდიდა, არასაცხოვრებელ ფართში შესახლდა და დაბინავდა.

„2 თვის ორსული არ ვიყავი, როცა ქმარმა მიმატოვა. ჩემს გოგონასთან ერთად ქირის თანხის არქონის გამო, ყოფილ სათბურში დავსახლდი. აქ კედლები ისეთი დაზიანებულია, რომ ქარი საშინლად ქრის, არც იატაკი გვაქვს. წვიმის დროს, მე და ანა-მარია ხან ერთ კუთხეში ავიტუზებით ხოლმე, ხან - მეორეში, მაგრამ ამ საყოფაცხოვრებო პირობებს ახლა არ ვჩივი, რადგან ელემენტარული პროდუქტები მაქვს სადარდებელი.

გუშინ, ერთმა კეთილმა ადამინმა კარტოფილი მოგვიტანა და იმას ვუზოგავ. ანა-მარიას რამდენიმე ხელი ტანსაცმელიც აქვს და კედლებზე ვკიდებ, რათა თაგვებმა არ დაღრღნან. კარადა არ გვაქვს, არც სხვა სათავსო.

ჩემი გოგონა სანამ პატარა იყო, ერთ-ერთ მარკეტში ვმუშაობდი. იქ ცვლები იყო და 24 საათიანი სამსახური მქონდა. ანა-მარია თან დამყავდა და სკამზე ვაძინებდიახლა, ცელქობს და აღარავის უნდა ჩემი დასაქმება. მე კი მისი დამტოვებელი არ მყავს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 110 ლარია. ეს თანხა ვერანაირად ვერ გადავანაწილე თვიდან თვემდე. იმის გამო, რომ ჩვენი საცხოვრებელი კომერციულ დაწესებულებათა ტერიტორიაზეა, აქ ელექტრო ენერგიის ღირებულება კორპორატიული ფასით ხდება და ძალიან ძვირია. ცალკე პრობლემაა გათბობა და ძლივს ნაშოვნი პროდუქტებით კერძის გაკეთება. აქამდე გირჩებს ვაგროვებდი და ღუმელს ვანთებდი. ახლა, დამტვრეულ ტოტებს ვეძებ და ვაგროვებ ხოლმე, ჩაი მაინც რომ ავადუღო.

ანა-მარია რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. ძვირადღირებული ვიტამინების კომპლექსი გამოუწერეს,  როგორ უყიდის ჩემს მდგომარეობაში დედა წამალს, როცა მაკარონი და შაქარიც სათხოვარი გვაქვს? ახლა, ჩვენი იმედი მხოლოდ კეთილი ადამიანები არიან“, - ამბობს მარტოხელა დედა.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 592044345  ეს გახლავთ საკონტაქტო ნომერი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური