ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

17:44 11-21-2019
6

ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მსახიობებმა ექიმების ხალათი მოირგეს და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს. ვგმობთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ძალადობას, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ამას უკრძალავენ. თვით ზნედაცემული „ბაევიკები“, რომლებიც აფხაზეთში გვებრძოდნენ, 5 ლარზე იყიდებოდნენ და მეორე წუთში იმ მხარეს ისროდნენ, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ იბრძოდნენ, ისინიც კი არაფერს ერჩოდნენ ექიმს. ექიმი ომშიც და მშვიდობაშიც ხელშეუხებელი იყო. სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მთლიანად სამედიცინო სამყაროს“,- ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება.

დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.

ავტორი: თეონა აბესაძე