Exclusive - ძალიან მიჭირდა ბავშვების და ოჯახის გარეშე - დღის ფოტოს გმირის, ავღანეთიდან დაბრუნებული მამის ემოციური ინტერვიუ

18:43 11-20-2019
3153

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯარისკაცის და შვილის შეხვედრის ემოციური ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

width=600

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია“.

პრაიმტაიმმა მოიძია პატარა დათას მშობლები და ავღანეთიდან დაბრუნებულ  ჯარისკაცთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:  

- როდის დაბრუნდით ავღანეთიდან საქართველოში და სად შეხვდით შვილებს?

„დღეს დავბრუნდი ავღანეთიდან, სადაც 7 თვე ვიმსახურე. ჩემი უფროსი ქალიშვილი თათა(თამარი), რომელიც მეორე კლასის მოსწავლეა, აეროპორტში დამხვდა, სკოლიდან ადრე გამოიყვანეს. ჩემი პატარა ბიჭი კი, 3 წლის დათა(დავით მინდორაშვილი) კი ბაღში იყო და და იქ მივაკითხე. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რა რთული იყო ოჯახთან განშორება.

width=600

- როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს პატარა ბიჭს თქვენს დანახვაზე? 

მათთან კონტაქტი მხოლოდ ინტერნეტით გვქონდა. ძალიან მიჭირდა ბავშვების და ოჯახის გარეშე. ჩემს ოჯახთან შეხვედრა, საოცრად ემოციური მომენტი იყო. ძალიან მიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან უამრავი თბილი სიტყვები მივიღე. მადლობა „პრაიმტაიმს“ ასეთი ყურადღებისთვის და ჩემი შვილის მიმართ სითბოს და ემოციის გამოხატვისთვის. ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაფერია.

- როგორი განწყობა გაქვთ, ავღანეთიდან ახალ დაბრუნებულ ჯარისკაცს? 

დღეს ჩამოვედი და ჯერ შოკიდან ვერ გამოვედი. ისევ ემოციების ქვეშ ვარ. საქართველოში რომ ბრუნდები, დიდი ხანი ძალიან დიდი ემოციის ქვეშ ხარ. ბავშვებთან შეხვედრა 7 თვის შემდეგ, ძალიან რთულია. დიდი ემოცია იყო ნამდვილად.

- როგორ და სად მოხდა თქვენი და შვილების შეხვედრა?

რომ ჩამოვფრინდი, მინდოდა ჩემს პატარა ქალიშვილთან სკოლაში მისვლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ თვითონ დამხვდა. დათას კი ბაღში მივაკითხე. ჯერ სამი წლის არის, ძალიან პატარაა და რომ მივედი, ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა.

- როგორი რეაქცია ჰქონდა პატარა დათას თქვენს დანახვაზე?

თავიდან ჩემი შერცხვა, მერე ჩამეხუტა, თვალებზე ხელი აიფარა და ემოციებისგან ტირილი დაიწყო. ფოტოზეც ჩანს, რომ შერცხვა და თვალებზე ხელი აქვს აფარებული. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო.

width=600

- რას უსურვებთ ავღანეთში სამხედრო სამსახურში დარჩენილ ბიჭებს? 

26 წლის ვარ და ვმსახურობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვემსახურები საქართველოს და ჩემს მიწა-წყალს. ჩვენი ბიჭების დიდი ნაწილი, ავღანეთში დარჩა. წარმატებებს და საქართველოში ბედნიერ დაბრუნებას ვუსურვებ ქართველ ჯარისკაცებს. ამჟამად ვარ მოქმედი შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი. 7 თვე ვმსახურობდი ავღანეთში მხარდამჭერ მისიაში. ავღანეთიდან  ყველა მშვიდობით დავბრუნდით ჩვენს ქვეყანაში“ - ამბობს ჯარისკაცი.

ავტორი: რუსა ღვანიძე