კავკასიის საკითხებში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

10:40 11-20-2019
9

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას“,- წერს ზიბერტი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ერთი კვირის წინ დააკავა, 15 ნოემბერს მას ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.