პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ხაჭაურებსა და ლობიანებს ურიგებენ

21:13 11-18-2019
282

მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბარიერებისგან გაათავისუფლეს, საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკრებს ბოქლომები ახსნეს და დედაქალაქის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინეს, განახლდა აქციაც, რომელიც უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

გუშინდელი საღამოსგან განსხვავებით, იქ აღარ ჩანს კარვები და კასრები, რომელშიც ცეცხლი ენთო და მომიტინგეები თბებოდნენ, თუმცა გუშინდელი დღისავე მსგავსად, ორგანიზატორებს არ დავიწყებიათ აქციის მონაწილეებზე ზრუნვა და მათ საკვებით დღესაც გაუმასპინძლდნენ.

დღეს ფუნთუშები და სოკოს ღვეზელები ხაჭაპურმა და ლობიანმა ჩაანაცვლა.

აქციაზე მყოფები დაშლას არ აპირებენ. პირიქით, მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, გამოვიდნენ სახლებიდან და მათ შეუერთდნენ.

პარლამენტის წინ აქციაზე აპროტესტებენ იმას, რომ ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის არჩევნების ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, 5 დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, რომლის საფუძველზე ქვეყნის საარჩევნო სისტემა პროპორციულ წესზე უნდა გადასულიყო.