„ხელი ავიღე „ნამუსზე“, აღარ ვაქცევ ყურადღებას, ვინ არის ნათესავი და ვინ არა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ჩხეიძესთამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ

18:57 11-18-2019
3595

„მე, ვუყურებდი ჩემს პედაგოგს - მიხეილ თუმანიშვილს, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. მრცხვენოდა, მიშას გვერდზე სხვანაირი ვყოფილიყავი. მაინც ვერ მოვახერხეთ, ვიყოთ ისეთები, როგორიც ბატონი მიშა იყო, მაგრამ ყველაფრი შედარებითია“...

18 ნოემბერს, ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 76 წლის გახდა. საქართველოს(1981წ.) და რუსეთის სახალხო არტისტი - დაიბადა 1943 წელს ქ. თბილისში. ჟან ანუის „ანტიგონეს დადგმისათვის, 1997 წელს გადაეცა ოქროს სოფიტი - სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი. იუბილარს, დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გამო, კომენტარის გაკეთება არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ თემურს, არ ხიბლავს მედიასთან და პრესასთან ურთიერთობა, საქართველოში განვითარებულ კულტურულ მოვლენებზე და ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მაინც მისცა:

width=600

 - მოენატრეთ ხალხს ბატონო თემურ, საზოგადოებას აინტერესებს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის და გეგმების შესახებ 

ჩემი სახელოსნო მაქვს, სადაც მომავალი რეჟისორები და მომავალი დრამატურგები მყავს, ვისაც სურს, რომ დრამატურგიაში იყოს, ისინი, ორი წლის მანძილზე, ერთად ისწავლიან, ეს ყოველთვის პროდუქტიულია. იქნებ, ისეთი შემოქნედებითი კონტაქტი ნახონ, რომ მთელი ცხოვრება, ერთად იმუშაონ. ჩემს სახელოსნოში, სწავლის უფლება აქვს ყველას, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს და არის 35 წლამდე.

თვენახევარში ველოდები სარეჟისორო ფაკულტეტზე სტუდენტების მიღებას. ამ ეტაპზე, ორ კვირაში დრამატურგებს ვხვდებით. უკვე, 11 ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, 2-3 ადამიანიც რომ მივიღოთ, უკვე კარგი შედეგია. დრამატურგიის ფაკულტეტზე, სხვადასხვა ასაკის ხალხია. შედარებით თანაბარი ასაკის, უფრო სამსახიობო ფაკულტეტზე არიან. ამჟამად, მესამე კურსის სტუდენტებს ვასწავლი, ისინი, ჩემი სტუდენტების ჯგუფის, მეორე გამოშვებაა. ჩემი პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები, უკვე პროფესიონალი მსახიობები არიან. ბევრი, უკვე „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობია. ახალგაზრდა თაობას, იმედის თვალთ ვიყურებ. იმასაც ვუშვებ, რომ მე, როგორც მშობელი, შეიძლება არ ვარ მთლად ობიექტური, მაგრამ ის, რომ ისინი, კარგად განსწავლული ხალხია, ეს ფაქტია, მაგრამ ვინ რა სიმაღლეზე ავა ცხოვრებაში, ძალიან ძნელი სათქმელია, განსაკუთრებით მათ ასაკში. 

- რა განსხვავებას ხედავთ ძველ და ახალ თაობას შორის? 

ალბათ, ყველა ადამიანი აკვირდება დღევანდელ ფრიად „საჩოთირო“ გარემოებას. როცა ასეთ საკითხზე მსჯელობენ, რომ წინა თაობებიდან, უკვე შემდგარი ხალხი, რომლებმაც მაქსიმუმი უკვე გაიღეს აყავთ სამუშაოდ, დამწყებ მსახიობებს როცა იღებენ, ამბობენ -„ ეხ, რა მაგრები იყვნენ ადრე და ეხლა აღარ არიანო!“. დააცადე, ამ ასაკის ხალხს! ჯერ, იმდენი იცხოვრონ და იმდენი გააკეთონ, რაც უკვე გამოცდილმა პროფესიონალებმა და მერე ილაპარაკონ! აკაკი ხორავა, სერგი ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მსგავსი პროფესიონალები, 50-60 წელში ერთხელ თუ დაიბადებიან, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ. ასეთი ადამიანი, თან უნდა დაიბადოს - ამას, მარტო სწავლა-განათლება არ უშველის, ასეთ ფენომენები, იშვიათად იბადებიან.

 - რას გვეტყოდით ქართველი ახალგაზრდების განათლების შესახებ? 

საქართველოში, „ქართული თეატრი“ მე-19 ს-ის შუა რიცხვებიდან ჩამოყალიბდა. ქართული პროფესიული თეტრი, საბჭოთა პერიოდში, კოტე მარჯანიშვილმა დააარსა. ასე რომ, დავაცადოთ ახალგაზრდა თაობას. ეს, ძალიან ინდივიდუალური მომენტია, მაგრამ ჩვენი(უფროსების) ვალია, გარკვეული სკოლა მივცეთ მათ. სკოლა, ეს არის პროფესიის ცოდნა - ვიღაცა უკეთესი მოსწავლე იქნება, ვიღაცა უარესი, ზოგი საშუალო, ზოგმა შეიძლება მთლიანად მიატოვოს პროფესია, თუ მიხვდება, რომ სხვა, ბევრად ჯობს. არ ვფიქრობ, რომ ამ თაობას, სწავლა-განათლება აკლია. გარკვეული პერიოდი, 10-15 წელი - დიდი ლაფსუსი წარმოიქმნა. რომ ვუყურებ ტელევიზიას, ვკითხულობ გაზეთს, რა ქართულს ლაპარაკობენ, მე ესეთი ქართული არ ვიცი! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, ბევრად უფრო უარესად ილაპარაკებდნენ ქართულად, ვიდრე საბჭოთა კავშირში, ტოტალიტალური რეჟიმის დროს. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ეს რა არის. სად სწავლობდა ეს ხალხი, ზოგჯერ ვფიქრობ, სწავლობდა კი სადმე? ამიტომ, ჩემს სტუდენტებს მარტო მსახიობობას არ ვასწავლი, ბევრი პარამეტრით და ბევრი განზომილებით არის ეს გასაკეთებელი. ვნახოთ, რა გამოვა. წინა დამამთავრებელი კურსიდან რამოდენიმე უკვე „წამოიჩიტა“, ზოგს უკვე სხვადასხვა თეატრებში ვხედავ და ძალიან მიხარია. ახლანდელი ჯგუფი, უკვე მასამე კურსის სტუდენტები არიან. სამსახიობოზე ოთხწლიანი სწავლებაა, სარეჟისოროზე კი - ხუთი. 

თუ ამ ახალგაზრდა თაობას უნდა, რომ რომელიმე პროფესიაში წარმატებულები იყვნენ, ყველაფერი უნდა გაღონ ამისთვის - ეს ზუსტად ვიცი! მათ, არც არაფერს ვეტყოდი - აქამდე, ადამიანი თავად უნდა მივიდეს. სხვისი „ჩიჩინი“, რომ წიგნში უნდა „ჩარგო“ თავი, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. ერთადერთი, რითაც შემიძლია დავეხმარო, ვთვლი, რომ უნდა მხედავდნენ, რომ მე სხვაგვარად არ შემიძლია - არაფრის გაკეთება არ მინდა, მათ დასანახად. ეს ყველაფერი, ბუნებრივად უნდა მოხდეს. მე ვუყურებდი ჩემს პედაგოგს - მიხეილ თუმანიშვილს, რომელიც ჩემთვის იყო ყველაფერი. ის, არასოდეს „მიჩიჩინებდა“, თვითონ იყო ასეთი. მრცხვენოდა, მიშას გვერდზე სხვანაირი ვყოფილიყავი. მაინც ვერ მოვახერხეთ, ვიყოთ ისეთები, როგორიც ბატონი მიშა იყო, მაგრამ ყველაფრი შედარებითია.

- თქვენს მიერ დადგმულ რომელ სპექტაკლს გამოარჩევთ?  

მიუხედავად იმისა, რომ მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებმა“ უდიდესი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, ჩემი სპექტაკლებიდან ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას“ გამოვარჩევდი. ძალიან მიყვარდა ეს სპექტაკლი, უბრალოდ მიყვარდა!  სპექტაკლი, რომელიც 1980 წელს დავდგი, მხოლოდ რამდენიმე წლის მანძილზე გადიოდა, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ გასტროლებზე სპექტაკლი, „ყუმბარასავით“ გასკდა. უდიდესი მოწონება დაიმსახურა უკრაინაში, რუსეთში, კერძოდ პეტერგურგში, ისეთი ამბავი იყო „გვეშინოდა“.  

 - რა არის მთავარი თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობაში? 

ახალი გეგმები მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. გონება მუშაობს, ჯანმრთელობამ თუ არ მიღალატა, კარგი გეგმები მაქვს. ჩემთვის მთავარია, ჩემი სახელოსნო და ჩემი სტუდენტების აღზრდა. კარგი სტუდენტები მყავს, ძალიან მოწადინებულები არიან - შეუძლებელია, კარგი შედეგი არ გამიღოს. ძალიან კარგ ფორმაში არიან. მე, პირადად დადებითად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე არ ვიცი, ყველა სტუდენტზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მათთან მუშაობა, რაღაც „ფათერაკი“ იმედი მაქვს, რომ მათაც აინტერესებთ ჩემთან. ჯამში, შესაძლებელია რაღაც გამოვიდეს. 

 -  სამი ქალიშვილის მამა ბრძანდებით, უფროსი ქალიშვილი მსახიობია. რას გვეტყოდით მათ შესახებ?

სამი ქალიშვილის მამა ვარ - ეკა, თეონა და მედეა ჩხეიძეები. ეკა, მარჯანიშვილს თეტრის მსახიობია, თეონა მუსიკოსია, ვიოლინოზე უკრავს. ხშირად, ტრიოში იწვევენ, ზოგჯერ კვარტეტში, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში უწევს მოგზაურობა. ამ ეტაპზე მიწვეულია იტალიაში, სადაც ტაძრებში, ორღანის თანხლებით დაუკრავს ვიოლინოზე. დეა - უცხო ენების სპეციალისტია.

ეკა, ჩემს მიერ დადგმულ, მხოლოდ ორ სპექტაკლში თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ხელი ავიღე „ნამუსზე“, აღარ ვაქცევ ყურადღებას, ვინ არის ნათესავი და ვინ არა. დეკემბერში ვიწყებ ახალ სპექტაკლზე მუშაობას და ავიყვან იმას, ვინც საქმეში დამჭირდება. ამ დელიკატურობამ, უხერხული არ იყოს, ცოტა დამღალა. როცა ვინ დამჭირდება, ის უნდა ავიყვანო. ეკა, კარგი მსახიობია, ვნახოთ, რა გამოვა. თეონაზე ვიტყოდი, რომ საკმაოდ ნორმალური დონის მუსიკოსია. ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, უამრავი გასტროლი აქვს. ამასთან ერთად, მოწაფეებსაც ამზადებს. 

76 წლის ვხდები, მაგრამ ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა, არ მინდა ხალხის გაღიზიანება. არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებას, ჩემი დაბადების დღისათვის ეცალოს. არ მინდა ამ თემაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მადლობას ვუხდი „პრაიმტაიმს“ ჩემი გახსენებისთვის.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში, მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე