ბლოკირებული იქნება არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა ის შენობა სადაც „ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს - ზაალ უდუმაშვილი

12:29 11-18-2019
88

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან. ისინი „ქართული ოცნების “ დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თქვა, რომ ისინი ყველა იმ შენობის ბლოკირებას მოახდენენ, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კომფორტულად არიან.

„ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტის ამ ფორმას. ბლოკირებული იქნება არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა ის შენობა სადაც „ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს. ამ ხალხმა სულ რამდენიმე დღის წინ წაართვა არჩევანის უფლება. ესენი არიან ივანიშვილის ნოტარიუსების. არ გვჭირდება ჩვენ ნოტარიუსები. მატ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ არჩეული დეპუტატების სახელით გველაპარაკოს.

ხელისუფლება და ბიძინა აჭრილია დროსა და სივრცეში და შეგნებულად არ აღიქვამს მოვლენებს. გამოსავალი ჩვენ შევთავაზეთ, სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უდგებიან ჯიბრში, არამედ მოსახლეობას. მოსახლეობასთან ჭიდაობაში არც ერთ ხელისუფალს არ გაუმარჯვია და ვერც ივანიშვილი გაიმარჯვებს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციის წევრები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. პირველი ინციდენტი, ამის გამო, რევაზ არველაძესთან მოხდა. მის მსგავსად, პარლამენტში ვერ შევიდნენ მერაბ ქვარაია და გიორგი ჟორჟოლიანი.

პარლამენტში დღეს რეგიონალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული.