კალაძე - მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას, საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ

12:17 11-18-2019
26

მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად  უკანასკნელ დღეებში.

გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა.

შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია.

ამასთან, მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებელი ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა.

შესაბამისად, სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ „ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე – რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა – ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.

არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას.

ამიტომ, მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.