გიორგი თარგამაძე ახალ „დროებას“ იწყებს

20:47 11-17-2019
1005

პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ახალ თოქ-შოუს წაიყვანს.

როგორც გიორგი თარგამაძემ „პრაიმტაიმს“განუცხადა, ის „ფორმულას“ თანამშრომელი არ არის. თუმცა, მას აქვს სტუდია „კონტექსტი“, რომელთანაც ტელეკომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა.

მისივე ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც, მაგრამ უფრო მეტად ანალიტიკური მიმართულება ექნება. სახელწოდება კი „გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გადაცემა, რომელსაც ის „ფორმულაზე“ წაიყვანს. თარგამაძე ამ არხზე საკვირაო ტელეჟურნალსაც მოამზადებს, მისი ცნობილი გადაცემის, „დროების“ მსგავსს. ამ გადაცემის სახელწოდებაზე გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

ორივე გადაცემა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თებერვლიდან გავა.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია „იმედში“ დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი.

2007 წელს ტელეკომპანია „იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.