„ლევანი პრობლემური ტიპი იყო, თაკო გაერიდა, კონფლიქტების ასაცილებლად“, - რას ჰყვება ეკო ფანგანი ატენის ქუჩის ტრაგედიაზე

19:49 11-17-2019
77530

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი იმ შემზარავ ტრაგედიას ეხმაურება, რომელიც რამდენიმე საათის წინ, ვაკეში, ატენის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ დედა და და მოკლა. 

- თაკო აბაშიძე ჩემი მეზობელი იყო, მას ბავშვობიდან ვიცნობდი და ვმეგობრობდით. მე ამჟამად თბილისში არ ვარ და არც არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა. ერთი რამ ვიცი, თაკო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ სახლში არ ცხოვრობდა, ჯერ თავის ბიძაშვილებთან, შემდეგ კი, ნაქირავებ ბინაში გადავიდა, რადგან მისი ძმა ცოტა პრობლემური ბიჭი იყო და კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით, ცალკე ცხოვრება ამჯობინა.

- პრობლემურობა რაში გამოიხატებოდა?

- ოჯახის საქმეებში ჩართული ნამდვილად არავინ იყო, მაგრამ რთული ხასიათი ჰქონდა, კონფლიქტური ტიპი იყო. ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ, ქალბატონი ირინა ახალგაზრდა დაქვრივდა. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა. სულ ცდილობდა, და-ძმას შორის კარგი ურთიერთობა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოსდიოდა.

- თუ იცით, რას საქმიანობდა ლევან აბაშიძე?

- ვერ გეტყვით, მე ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი... მგონი, არსად მუშაობდა... როგორც ვიცი, ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა, ქალბატონ ირინასთან ერთად. თაკო კი სულ მუშაობდა, მთელი ცხოვრება, თან სწავლობდა, მაგისტრატურაში. იგი პროფესიით ფსიქოლოგი იყო. ყველაზე უპრობლემო, ლაღი, მეგობრული, გვერდში მდგომი, კარგად საურთიერთო ადამიანი. მთელი თბილისის მასშტაბით უამრავი მეგობარი ჰყავდა. ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, თაკოს ბებიაც. შესანიშნავი ოჯახი იყო, განათლებული, ინტელიგენტი. ბებია წელს გარდაიცვალა, კიდევ კარგი ის ამ ამბავს ვერ მოესწრო... 

ავტორი: თამთა დადეშელი