ფეკალიებისგან მიღებული წყალი, მეორადი ტანისამოსი და პინგვინები - რა ახირებები აქვთ მილიარდერებს

18:33 11-17-2019
1744

ახირება ალბათ ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ძალიან ცოტას თუ აქვს საშუალება, რომ ახირებასთან დაკავშირებული სურვილები აიხდინოს.

„ფორბსი“ აქვეყნებს იმ ადამიანთა ახირებებს, რომელთა ანგარიშებზეც რამდენიმე მილიარდია. 

ბანკირს, გლობალისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, დევიდ როკფელერს არც ანტიკვარული ნივთები მოსწონდა და არც ცნობილი მხატვრების ძვირადღირებულ ნახატებს ყიდულობდა.

ის მწერების კოლექციას აგროვებდა. როკფელერის კოლექცია 4 ათასამდე მწერის სახეობას ითვლის. მათი შეგროვება მომავალმა მილიარდერმა 7 წლისამ დაიწყო და მთელი ცხოვრება ავსებდა კოლექციას. „მწერების შენახვა იოლია, მათი მყარი გარსის გამო. მსოფლიოში ვაგროვებდი და სადაც უნდა წავსულიყავი, ჯიბეში ყოველთვის მქონდა მინის ქილა, ახალი ხოჭოსთვის. მე „მყავს“ ყველა კონტინენტის მწერი, ანტარქტიდის გარდა“ - ამბობდა ის.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბილ გეითსი ექსკრემენტების გადამუშავების შედეგად მიღებულ წყალს სვამს. მაიკროსოფტის დამფუძნებელმა, რომლის ქონებაც 75,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საკმაოდ მსუყე ინვესტიცია ჩადო პროექტში, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტს აღმოფხვრის. ფეკალიების გადასამუშავებელი საპილოტე სადგური სენეგალში 2015 წელს დადგეს. მას შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში 14 ტონა ექსკრემენტი გადაამუშაოს და სასმელი წყალი და ელექტროენერგია გამოიმუშაოს.

„ვუყურებდი, ფეკალიები როგორ ხვდებოდა რეზერვუარში, სადაც მისი გადამუშავება ხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ შესაძლებლობა მქონდა, საბოლოო შედეგი მენახა და ერთი ჭიქა გემრიელი წყალი დამეგემოვნებინა“. - აღნიშნა მილიარდერმა.

იური მილნერი მზადაა, 100 მილიონი უცხო ცივილიზაციის პოვნაში დახარჯოს. მისი პარტნიორი ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გახდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 წელზეა გათვლილი და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია, როგორც ასტრონავტს და როგორც მეცნიერს. უცხო ცივილიზაციების ძებნა განხორციელდება რადიოტელესკოპის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ეს მილნერის ერთადერთი „გალაქტიკური“ პროექტი არ არის. 2016 წელს მან გამოთქვა მზაობა, კიდევ 100 მილიონი დახარჯოს ნანოთანამგზავრის ასაგებად, რომელიც გაშვებიდან 20 წლის შემდეგ მიაღწევს ვარსკვლავურ სისტემა „ალფა ცენტავრამდე“. ასტრონომების აზრით, ამ ვარსკვლავთა სისტემაში, ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო შესაძლოა, დედამიწის მსგავსი პლანეტა მოძრაობდეს, რომელზეც სიცოცხლე არსებობს.

„ვირჯინ გრუპის“ დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი თავისი ეპატაჟური საქციელით განთქმულია. 2013 წელს მან ბორტგამცილებლად იმუშავა „აირაზიას“ ბორტზე. იმისათვის, რომ პროფესია ბოლომდე შეეგრძნო, მან სტიუარდესას წითელი ფორმა მოირგო, ფეხები გაიპარსა და პომადაც წაიცხო. მილიარდერი ემსახურებოდა მგზავრებს 6 საათის განმავლობაში, ვიდრე თვითმფრინავი ავსტრალიიდან მალაიზიაში რეისს ასრულებდა. ის არიგებდა საჭმელსა და სასმელებს. თვითმფრინავის ბორტზე ის წაგებული სანაძლეოს გამო აღმოჩნდა. ბიზნესმენ ტონი ფერნანდესს დაენაძლევა, რომ „ფორმულა-1“-ის ის გუნდი მოიგებდა, რომელსაც თავად გულშემატკივრობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მილიარდერის პირველი გარდაქმნა არ იყო. ერთ-ერთი საქორწილო სალონის გასხნისას ის პატარძლის კაბაში გამოწყობილი მივიდა. მისი კიდევ ერთი ახირება ის გახლდათ, რომ თაიმ-სკევრზე ტანკით ისეირნა.  

როგორც „ფორბსი“ წერს, 2015 წლის ზაფხულში, წყალდიდობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ზოოპარკს დახმარება შესთავაზა. ზოოპარკის დახმარების სურვილი მას იმის გამო გაუჩნდა, რომ თავად კერძო ზოოპარკის მფლობელია. მას ზოოპარკში პინგვინებიც ჰყავს, რომელთაც საქართველოს ცხელი კლიმატის გამო სპეციალური სათავსო აუშენეს, რომელიც საჭირო ტემპერატურას ინარჩუნებს და აუზიც აქვთ.

გარდა ცხოველებისა, მილიარდერს მცენარეებიც უყვარს. სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საუკუნოვანი ხეები გადააქვს და რგავს, - წერს „ფორბსი“.

2015 წელს, „ფეისბუკის“ პირად გვერდზე მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას თავისი გარდერობი აჩვენა. უამრავი ნაცრისფერი მაისურის ფოტოს მარკმა მიაწერა - „დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლის პირველი დღე. რა ჩავიცვა?“ ერთნაირი ტანისამოსის მიმართ სიყვარული მან იმით ახსნა, რომ სურს, სამყაროში ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლდეს და არჩევანის გაკეთებაში დრო არ დაკარგოს.

იკეას“ დამფუძნებელი, ინგვარ კამპარდი ხშირად ამბობს, რომ მის ასაკში ფულის ფანტვა არ შეიძლება და ნათქვამს საქციელით ამყარებს. მილიარდერი ეკონომ-კლასით დაფრინავს, ხშირად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თავის საპენსიო მოწმობას წარადგენს. 2008 წელს კამპარდიმ განაცხადა, რომ საპარიკმახეროში გადახდილმა 22-მა ევრომ დასაშვებ ბიუჯეტს გადააჭარბა. „თმას მაშინ ვიჭრი, როცა განვითარებად ქვეყანაში ვიმყოფები. წინა ჯერზე ეს ვიეტნამში იყო“, - განმარტა მილიარდერმა. ხოლო 2016 წელს, შვედეთის ტელევიზიის მეირ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ მეორადი ტანისამოსის მაღაზიაში იმოსება.