მორალურად მე ვერასდროს დავდგები გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის გვერდით - სანდრო ბრეგაძე

18:11 11-17-2019
27

„პირველ რიგში, მორალურად მე ვერასდროს დავდგები გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის გვერდით. ეს ყველანაირ მორალს სცილდება“,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პატრიოტთა ალიანსი“ იდეოლოგიურად ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა - პროპორციული არჩევნები და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

„ისმის კითხვა რატომ ვდგავარ აქ და არა პარლამენტთან. პირველ რიგში, მორალურად მე ვერასდროს დავდგები გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის გვერდით. ეს ყველანაირ მორალს სცილდება. მით უმეტეს, იმ სხვა პარტიებთან, რომლებიც იქ არიან. თუმცა, იქ არიან ისეთი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც არ არიან მოწადინებული იმისთვის, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“. უნდა განვასხვაოთ - ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები, მაგრამ არ გვინდა პოლიტიკური რევანში და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში. იმ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ვემიჯნებით. ხალხი ითხოვს პროპორციულ არჩევნებს.

პროპორციული არჩევნების პრინციპი იყოს მიღებული და მეორეხარისხოვანი იქნება, ეს ოქტომბერში იქნება თუ მაისში. ჩვენ 3 თვე არაფერს არ გვიწყვეტს. ნურავინ ნუ წავა იმ განვითარების სცენარით, რომელიც საქართველოს დააზიანებს. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ სურვილს - ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ჩვენ არასდროს შევუერთდებით“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

17:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.