„ახლა მთავარია მკვეთრი და არ მეშინია ამ სიტყვის - რადიკალური ქმედებები“ - გრიგოლ ვაშაძე

15:04 11-17-2019
24

„ახლა მთავარია მკვეთრი და არ მეშინია ამ სიტყვის - რადიკალური ქმედებები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ტვ-პირველს“ განუცხადა.

„ახლა მთავარია მკვეთრი და არ მეშინია ამ სიტყვის - რადიკალური ქმედებები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ „ყველა მინუს ერთი“, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რეალიზებული იქნეს. ყველაფერი - ქუჩის აქციები, სამთავრობო შენობების ბლოკირება. ყველაფრის მოლოდინი მაქვს და განსაკუთრებით იმას, რომ „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 17 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ამასთან, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ” დატოვოს ხელისუფლება.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.