პატარები შიმშილისგან ამიტირდნენ, მეზობელს ძაღლისთვის ნაყიდი პური გამოვართვი - დახლებზე მეორადი პური გამოჩნდა

14:48 11-17-2019
1399

მეორადი ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა, მანქანა და უამრავი სხვა ნივთი, რომელიც შეჭირვებული ადამიანებისთვისაა გათვლილი, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადია.

„მეორადი“ პური  - ასეთი დასახელებით  დისტრიბუციის მიერ ამოღებული ძველი პური იყიდება, რომელიც ბევრისთვის საარსებო წყაროა. ყველაზე ღატაკ ადამიანზე ამბობენ, წყალსა და პურზე არსებობსო, მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ ეს გამონათქვამი ეჭვქვეშ დააყენა. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ, სახელდახელოდ გაშლილ დახლებთან პურით სავსე ყუთებთან ახალგაზრდა ქალი შევნიშნე და მისი საუბრის მომსწრე გავხდი.

მრავალშვილიანმა ქალმა „პრაიმტაიმს“ მოუყვა, რატომ ყიდულობს ძველ პურს და როგორ შეიტყო მსგავსი პროდუქტის შესახებ.

36 წლის 7 შვილის დედა მეორადი პურის დახლს კვირაში სამჯერ სტუმრობს. ამბობს, რომ დღეში მინიმუმ 8 პური სჭირდებათ. მაღაზიებში მიმზიდველად შეფუთული, ახალი და ფუმფულა პური მისი ოჯახისთვის ფუფუნებაა. ამიტომ, მეორად პურს ბევრად უფრო იაფად ყიდულობს და იცის, რომ სახლში შვილებს დღეს პურით მაინც გადააგორებინებს.

„მაღაზიაში პური 90 თეთრიდან 1 ლარამდე ღირს. ჩემს 7 შვილს, მე და მეუღლეს დღეში 8 პური მაინც გვინდა, სადაა დღეში 8 ლარი მხოლოდ პურში დასახარჯად. ასე თვეში 240 ლარი გვჭირდება. ჩემი მეზობელი ძველ პურს ძაღლისთვის ყიდულობს ხოლმე. ერთხელ პატარები შიმშილისგან ამიტირდნენ და მეზობელთან პურის სათხოვნელად გავედი. ახალი მასაც აღარ ჰქონდა და ძაღლისთვის ნაყიდი მეორადი პური ჰქონდა და გამოვართვი. ჩემმა შვილებმა ისე გემრიელად მიირთვეს, მათი თანატოლები ხაჭაპურს რომ ჭამენ ხოლმე, ისე. იმ დღიდან მეორადი პურის მომხმარებლები ვართ, სხვა ჩემნაირ ღატაკებსაც ვასწავლე და ყველა კმაყოფილია. ახლა, ერთ პურში ლარის ნაცვლად 40 თეთრს ვიხდი.

ჩვენი საარსებო წყარო სოციალური დახმარებაა, მეუღლე გულით ავადმყოფია და ვერ მუშაობს. მრავალშვილიანთა დახმარება მხოლოდ 3 ბავშვზე მეძლევა, რადგან უფროსები სრულწლოვანები არიან. ამ თანხიდან ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და პროდუქტებისთვის საჭირო თანხას ვიხდი. ძირითადად, ბურღულეულს ვაჭმევ, აბა ხორცი ისეთი ძვირია, მაგას მხოლოდ მდიდრები თუ მიირთმევენ.

ასეა თუ ისე, კმაყოფილი ვარ, რომ ძაღლებისთვის განკუთვნილ პურს შვილებს ვაჭმევ და შიმშილისგან აღარ ტირიან. პირველად რომ პურის ხარჯი გამინახევრდა, შაქარი და კაკაო ვიყიდე. ეს ჩემი ბავშვებისთვის ნამდვილი წვეულება იყო“ - ამბობს ლიანა.

„პრაიმტაიმი“ პურის გამყიდველსაც ესაუბრა. როგორც მან თქვა, უკვე მრავალი წელია, ძველ პურს ფრინველებისა და ცხოველების გამოსაკვებად ყიდულობენ. თუმცა, ბოლო ხანებში მეორად საარსებო პურს ყველაზე შეჭირვებული ადამიანები მიირთმევენ. როცა საწარმოს დისტრიბუციის სამსახური დახლებზე დარჩენილ პურს უბრუნებს, სწორედ ამ კატეგორიის ნაწარმს გადამყიდველები ყიდულობენ და ნახევარ ფასად ყიდიან.

„პური ქარხნებიდან და საწარმოებიდან მომაქვს. მათ დისტრიბუტორები გაუყიდავ პურს უკან უბრუნებენ და მივდივართ და გასაყიდად მოგვაქვს. ძირითადად ფრინეველბისა და ცხოველების გამოსაკვებად ყიდულობდნენ, მაგრამ ახლა ისეთი დრო დადგა, ცხოველი და კაცი ერთსა და იმავეს ჭამს. გაუჭირდა ხალხს, ძვირია პური, შემოსავალი დაბალია. ყველა იმაში აკეთებს ეკონომიას, რაშიც შეუძლია. თუ შეიძლება, რომ ახალი ხორცის ნაცვლად გაყინული ჭამოს ადამიანმა, რომელიც ნახევარი ფასი ღირს, რატომ არ შეიძლება პურზეც იგივე? იმდენ მეორად პურს ვყიდი, რამდენსაც ახალს. გემოვნება ყველას აქვს, მაგრამ ჯიბე სადამდეც წვდებათ, ისეც ხარჯავენ. მშიერი რომ იყო, იმას ძველი პური ნამდვილად სჯობია“ - ამბობს ძველი პურის გამყიდველი ჟანა გვრიტიშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური