გვეუბნებიან რომ მამა სახლში მალე დაბრუნდება -ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი

13:04 11-17-2019
108

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 

მისი თქმით, ოჯახს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია აქვს და იმედი აქვთ, რომ გატაცებული ოჯახს მალე დაუბრუნდება. 

„ვინც მასთან ერთად იყო დაკავებული, გვეუბნება, რომ ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა და კარგად არის“, - განუცხადა „ქრონიკას“ თათა გაფრინდაშვილმა.  

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.