ცხინვალელებს აუხსენით, რომ ექიმები ხელშეუხებლები არიან - კახა კალაძე

20:27 11-16-2019
376

თბილისის მერი სოციალურ ქსელში ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და მისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და წერს, რომ ყველა სტრუქტურა მუშაობს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს.

„საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი!

ვაჟა ექიმი-წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით.

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“ - დაწერა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საზღვრის უკანონო კვეთა დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.