ქართველი ფეხბურთელი ცხინვალში დაკავებული ექიმის დასახმარებლად სანდო პირს ეძებს

18:52 11-16-2019
576

ქართველი ფეხბურთელი ცხინვალში დაკავებული ექიმის დასახმარებლად, სანდო პირს ეძებს - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში არადამკმაყოფილებელ პირობებში იმყოფება. 

„კოლეგებო, სტუდენტებო, მეგობრებო! როგორც იცით, უკანონოდ დაპატიმრებულ ცნობილ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მისჯილი აქვს 2-თვიანი პატიმრობა. საჭიროა, რომ მისი გათავისუფლების პერმანენტული მოთხოვნების პარალელურად, ვაჟა ღირსეულ პირობებში იყოს. როგორც ვიცით, მას არ აქვს გამოსაცვლელი სუფთა ტანსაცმელი, საჭმელი...

საჭიროა წესიერი ადამიანის პოვნა ცხინვალში, რომელსაც ოჯახი მიაწოდებს საჭირო ნივთებს ან ფულს. ცოტა სახიფათოა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდეთ თანხა ხელში. ხომ არ იცნობთ მოჭიდავეებს, ექიმებს, პაციენტებს ან ღირსეულ მოქალაქეს, რომელსაც თქვენ ენდობით და შეეძლება ვაჟასთვის ციხეში ლეგალურად ამანათის გადაცემა?“ - დაწერა გიორგი მერებაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საზღვრის უკანონო კვეთა დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი