სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

15:36 11-16-2019
114

დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ქაცარავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ამის გამო, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მანამდე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და ერთობლივად შეთანხმდნენ, მოითხოვონ პროპორციული ვადამდელი არჩევნები. 

პოლიტიკური შეთნხმება პოლიტიკოსებმა სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს გააცნეს და საბოლოოდ, სამოქმედო გეგმის სამ პუნქტზე ჩამოყალიბდნენ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად გამორიცხა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. 

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.