ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან - ილია მეორე

11:15 11-16-2019
3026

მცხეთა-თბილისის ეპარქიალურმა საბჭომ პირველი განცხადება გაავრცელა. ბრძანებას ხელს ილია მეორე აწერს.

„ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.
ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო. 

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის  ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ  კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას“, - წერია ეპარქიალური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეპარქიალური საბჭო 13 ნოემბერს შეიქმნა.