ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წელს - გიორგი გახარია

20:15 11-15-2019
132

ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, მე ვთქვი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. 

ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 20 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წელს. 

არ დაგვავიწყდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს იყო გადაწყვეტილება რომელსაც შემდგომ გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, სამწუხაროდ, ამ საკანონმდებლო ცვილილებამ ვერ გაიარა. საბედნიეროდ, ეს ინიციატივა გვიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება“, - აცხადებს გახარია.

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

„ოცნების“ ოფისში იყვნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერები - თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.