ცუცქირიძემ სააკაშვილს ერთ facebook-პოსტში 8 ტყუილი დაუთვალა

19:31 11-15-2019
105

ტყუილია, თითქოს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია  500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა. რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია,- ამის შესახებ ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოსტს, რომელიც მან თავის ფბ გვერდზე განათავსა. იგი ამჯერად ეკონომიკის მაგისტრად მოგვევლინა, თემად კი ყალბი დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებული, ისედაც ოფიციალური წყაროებიდან გასული ინფორმაციის ინტერპრეტირებით წარსდგა, რომელიც ეხება საგამოძიებო უწყებების მიერ გამოვლენილ ფართომასშტაბიან დანაშაულებრივ სქემას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაყალბება.
ახლა რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას თითქოსდა 500 მილიონ ლარამდე თანხა იქნა მითვისებული, ხოლო ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები, შესაბამისი დასკვნით, რომ გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი არის არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გათვითცნობიერებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.
1. ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა, რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია. ბუნებრივია, არც ეს ციფრებია მცირე, რადგან ამ ოდენობის ზიანის მიყენებაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არის პრობლემური, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, რომ განცხადებაში მოყვანილი დღგ-ის მოცულობა, ისევე როგორც განცხადება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენასთან დაკავშირებით, არის ტყუილი;
2. შესაბამისად, ტყუილია 500 მილიონი დღგ-ს გავლენაც ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება რეალური მონაცემების, ანუ 85 მლნ-დან 100 მლნ ლარის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ცნობილია, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების შედგენა ხდება საერთაშირისო მეთოდოლოგიის მიხედვით და რაც დასტურდება იმითაც, რომ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრი.
3. ტყუილია, თითქოსდა ხელისუფლება ახდენდეს ხელოვნურ მანიპულირებას ციფრებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებს ადგენს მიწოდებული პროდუქციების ღირებულების ბრუნვიდან, და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებლად, კომპანიების გამოკვლევების შედეგად აგროვებს ინფორმაციას და აკეთებს ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებას. აქედან გამომდინარე, ამ თაღლითურ ოპერაციებს მშპ-ის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ეს ოპერაციები, ძირითადად, აისახა საბაჟო დეკლარაციებსა და შუალედურ პროდუქციაში, რაც ყოველთვიური ეკონომიკური შეფასების სფეროს არ წარმოადგენს.
4. ტყუილია მონაცემთა აცდენაზე აპელირებაც. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღგ-ის ბრუნვების შედეგად გამოთვლილი ეკონომიკური ზრდის შედეგებისგან, როგორც ამ სარისკო, ისე წინა პერიოდში. შესაბამისად, რადგან ორი დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ოპერაციებს გავლენა არ ჰქონია. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში!.
5. ტყუილია, თითქოსდა ამ ყალბი მონაცემების შედეგად არსებული მშპ-ს სიდიდე არის ხელოვნურად გაზრდილი. მიმდინარე წლის ნოემბრიდან საქსტატი ანგარიშთა სისტემის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე(შNA-2008) გადავიდა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მშპ-ის მაჩვენებელი არა თუ შემცირდა დაკორექტირებისას, არამედ 8.6 %--ით 41.1 მლრდ ლარიდან 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა!.
6. ახლა რაც შეეხება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რომლის დაზიანებაზეც ასე წუხს ბატონი ექსპრეზიდენტი.

მსურს შევახსენო, რომ ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ამასთან, მთლიანობაში, კორუფციის და პირველ რიგში სახელისუფლებო კორუფციის დაბალი დონე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო სააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;
7. ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები.მიმდინარე წლის ოქტომბერში სამი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურად შეფასდა. თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში შევიდა. შემდეგ წამყვანმა სარეიტინგო კომპანიამ შ&P ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება BB- დან BB მდე, სტაბილური პერსპექტივით, რითაც პრაქტიკულად მივუახლოვდით გაცილებით მაღალ საინვესტიციო რეიტინგს.
8. სწორედ ამ დადებითი ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება - 2020“ რეიტინგში გაუმჯობესებული პოზიციაც. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის 2 პოზიციით დაწინაურება გადასახადების გადახდის ინდიკატორში, სადაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების სიმარტივე, მათ შორის დღგ-ს რეფორმა, უზრუნველყოფს გადასახადის გადახდის კომპონენტში მნიშვნელოვან წინსვლას, რაც განპირობებულია საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დროის შემცირებით. ამის შედეგია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელიც, რაც თუნდაც მიმდინარე წლის პირველი თათი თვის მონაცემებით 101 %-ით არის შესრულებული.

დაბოლოს, ეს უპრეცედენტო ფინანსური თაღლითობა, როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იქნა გამოძიებული. 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ვფიქრობ, ამით ყველაფერია. ნათქვამი,- წერს ცუცქირიძე.